LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ ვარ ალერგიული” – რა მოხდა სპორტულ ცენტრ “იმედში” და დაიწყო თუ არა გამოძიება საცურაო აუზში ქლორის სავარაუდო ზედოზირების გამო

160
Untitled design (2)

რამდენიმე დღის წინ სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელიც თბილისში, სპორტულ ცენტრ „იმედშია“ გადაღებული. ვიდეოსთან ერთად, გავრცელდა ინფორმაციაც, რომ ამავე საცურაო აუზზე, რომელიც მერიას ეკუთვნის, მოზარდები და მწვრთნელი, სავარაუდოდ, ქლორის ზედოზირებით მოიწამლნენ.

მოზარდების მშობლების განცხადებით, ვიდეოზე აღბეჭდილი პირი არის აუზის ადმინისტრატორი, რომელიც წყალში ქლორს იმ დროს უშვებს, როდესაც ბავშვები ცურავენ.

მაშინ მშობლებმა განაცხადეს, რომ რამდენიმე მოზარდს ინტოქსიკაცია ჰქონდა. ამასთან, მოწამვლის შესახებ განაცხადა სპორტული ცენტრის მწვრთნელმა ნინო ქავზინაძემაც. 

როგორც მწვრთნელმა განაცხადა, მსგავსი ფაქტი ადრეც მოხდა და მერიას რამდენჯერმე მიმართეს:

„ძალიან მოიწამლნენ. ირაკლი გვილავას ვაცნობე. იმ დროს ბავშვებს არა, პირველი მე დამარტყა, შემდეგ შემპირდნენ, რომ ყველაფერს გამოასწორებდნენ, მერიაში ირაკლი გვილავამ ყველაფერი იცოდა, საკითხი არავინ არ გამოასწორა. მეორედაც როდესაც მომივიდა ეს, ყველა მშობელს ვეუბნებოდი, რომ ბავშვები იწამლებიან და არ შეიძლება ამის სუნთქვა. იმავენაირად მერიიდან მოვიდნენ, გამოსწორდება ყველაფერი, დიდუბის გამგეობაში მისული ვიყავი, რომ რეაგირება მოეხდინათ, თუმცა როგორც ყოველთვის რეაგირება არ იყო და მესამე ეტაპზე მეორე მწვრთნელიც მოიწამლა, მისი ყველა ბავშვი, იმიტომ რომ კარები იყო დახურული. შაბათს, როდესაც მე შევედი, ვიგრძენი, რომ იყო ქლორი. კარები გავაღე, ჩემი ბავშვებიდან ექვსია მოწამლული“, – განაცხადა გუშინ მწვრთნელმა.

აღნიშნულ საკითხს დღეს თბილისის მერი მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საცურაო აუზისა და ბავშვების თემით მანიპულირება და სიცრუის პროპაგანდა ხდება.

კახა კალაძემ დღეს თქვა, რომ ვიდეო ზაფხულშია გადაღებული და მასზე აღბეჭდილი პირი აუზში ქლორს კი არ ყრის, არამედ წყლიდან სინჯებს იღებს.

კალაძე: მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე მოზარდმა აუზზე ინტოქსიკაცია მიიღო, ვიდეო ზაფხულშია გადაღებული, ქლორის მაჩვენებლები ნორმაშია

თბილისის მერის თქმითვე, „პრობლემა არის სპორტულ ცენტრში მომუშავე რამდენიმე თანამშრომელი, რომელმაც მიზანმიმართული სიცრუე გაავრცელა და შეეცადა, ადამიანები შეცდომაში შეეყვანა – ჩვენი მხრიდან ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება“, – თქვა დღეს კალაძემ. 

კახა კალაძის განცხადების შემდეგ, ფაქტს გამოეხმაურა მერიის საქალაქო სამსახურის უფროსი და აღნიშნა, რომ ბავშვების სამედიცინო დაწესებულებაში მოხვედრის ფაქტი სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება.

ირაკლი გვილავას თქმითვე, მწვრთნელს, რომელიც ამტკიცებს, რომ ცუდად გახდა, მსგავსი შემთხვევა არაერთხელ ჰქონია, რადგან ის ალერგიულია:

„სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის შემდგომ აღნიშნული ფაქტის მოკვლევა მოხდა. გავრცელებულ ვიდეოში ნამდვილად არ ჩანს, ვინმე ქლორს წყალში ყრიდეს იმ დროს, როცა ბავშვები სპორტულ კომპლექსში და საცურაო აუზში არიან. რეალურად, ამ დროს წყლის სინჯის აღება ხდება.

ეს ვიდეო ძველია, ზაფხულის დროინდელია. რაც შეეხება წყლის მდგომარეობას, მას შემდგომ სოციალურ ქსელში რაც ეს ამბავი გავრცელდა, სწრაფი ტესტებით იმ დღესვე მოხდა წყლის სინჯების აღება და ყველა მაჩვენებელი ნორმაშია.

პირველ რიგში, ჩვენ მოვიკვლიეთ, რამდენად სწორი იყო ინფორმაცია. არც ერთ კლინიკაში ბავშვებს რეგისტრაცია არ გაუვლიათ, არც სასწრაფო-სამედიცინო დახმარებაში დაფიქსირებულა ზარი.

რაც შეეხება მწვრთნელს, რომელიც ამბობს, რომ ცუდად გახდა, მას არაერთხელ ჰქონია მსგავსი ფაქტი, თავად ეს ადამიანი არის ალერგიული.

სამედიცინო წრეებში თუ მოიკითხავთ, მიხვდებით, რომ ხშირია ასეთი შემთხვევა – როცა ადამიანი ალერგიულია, მას შეიძლება მსგავსი ფაქტი განუვითარდეს. რაც შეეხება ბავშვების სამედიცინო დაწესებულებაში მოხვედრას, ეს სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება. მშობლები ამბობენ, რომ რვა ბავშვი ცუდად გახდა, დაუჯერებელია, სამედიცინო დაწესებულებისთვის მათგან არც ერთს არ მიუმართავს“, – განაცხადა გვილავამ.

გვილავას ამ განცხადებას მოგვიანებით მწვრთნელი ნინო ქავზინაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ალერგიული არ არის. 

მწვრთნელმა დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ისინი მერთან შეხვედრას ითხოვენ.

„არ ვარ ალერგიული, ალერგიის ფონი დამეწყო ზუსტად რომ მოვიწამლე “იმედის” აუზზე პირველად, შემდეგ მეორედ და მაქვს ქლორზე უკვე რეაქციები, როგორც ექნებათ ამ ბავშვებს, რომლებიც მოიწამლნენ, ამის შემდეგ უფრო მეტად აღიქვამენ.

ეს ირაკლი გვილავას ძალიან დიდი ტყუილია, რომ ვარ ალერგიული და ამით უნდა თავი გაიმართლოს. ძალიან შეურაცხყოფილი ვარ, მე და ჩემი მშობლები გამოდის, რომ ვართ მატყუარები.

ვითხოვდი 10 წუთით კალაძესთან შეხვედრას, ეს ყველაფერი იქვე მოგვარდებოდა, კალაძესთან შეხვედრაზე 59 მშობლის ხელმოწერაა მერიაში შეტანილი.

ჯერ კალაძემ გადაამოწმოს და მერე თქვას, ეს თუ ცრუ ინფორმაციაა – წყლის მომვლელი დაიბარონ; ხომ შეიძლება ტელეფონები გადაამოწმონ – რომ ველაპარაკე და მითხრა, რომ დაუტოვა ლაშა ბრეგვაძეს ქლორი, დაავიწყდა და მერე ჩაყარა, დაუტოვა ცოტნეს, ადმინისტრატორს და მერე ჩაყარა, ექიმმა ჩემ თვალწინ ჩაყარა“, – თქვა  მწვრთნელმა დღეს მედიასთან საუბარში.

მშობლები და მწვრთნელი ქვეყნის მასშტაბით არსებული აუზების შემოწმებას ითხოვენ.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა აღნიშნული ფაქტის გამოძიების მოთხოვნით, შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მიმართეს. 

„ფორტუნა“ დეტალების გასარკვევად შსს-ს დაუკავშირდა. დაიწყება თუ არა მომხდარზე გამოძიება – ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

რაც შეეხება სპორტულ ცენტრ „იმედის“ პოზიციას, ცენტრმა სამი დღის წინ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ვკითხულობთ:

„გვინდა, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ გავრცელებულ ინფორმაციას და ვიდეომასალას, რომელიც გადაღებულია სპორტულ ცენტრში „იმედი“ და ასახულია მოცურავე ბავშვებით დატვირთულ საცურაო აუზში, თითქოსდა, სადეზინფექციო საშუალების გამოყენების პროცესი.

სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი, აღნიშნულ ვიდეოსთან ერთად, აქვეყნებს ინფორმაციას, თითქოს, ქლორის ზემოქმედების შედეგად, რამდენიმე მოზარდმა და მწვრთნელმა მიიღო ინტოქსიკაცია.

ინფორმაციის გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ გავრცელებული ვიდეოკადრები გადაღებულია ზაფხულის პერიოდში და რეალურად ასახულია აუზიდან წყლის სინჯის აღების პროცესი. პერსონალს, რომელიც ჩანს კადრებში, ხელში უჭირავს სინჯარა და ავსებს წყლით.

სრული წყლის ქიმიური დამუშავება ხდება მხოლოდ ცარიელ აუზში და გამოიყენება ესპანური წარმოების (მწარმოებელი DIASA) ქლორი, რომელსაც გააჩნია შესაბამისი ლიცენზია.

ინფორმაციის გავრცელებისთანავე მოხდა აუზის წყლის სწრაფი ტესტირება, რომელმაც აჩვენა, რომ ქლორი და ph-ის მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია (ტესტირების შესაბამისი ვიდეო ხელმისაწვდომია დაინტერესებული პირებისთვის).
ამასთან, საცურაო აუზს დამატებით უტარდება სრულყოფილი კვლევა, რომლის შედეგები ოდნავ მოგვიანებით გამოქვეყნდება“, – წერია სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.