„მე არ ვაპირებ გაჩერებას იმ წერტილზე, რომელზეც მოინდომა გაჩერება „ქართულმა ოცნებამ“, რომ ცალყბად გაკეთებული ბოდიშით ამოეწურა ეს ინციდენტი, რადგან აქ საქმე არ ეხება მხოლოდ ჩემი ან სხვა ქალი დეპუტატების წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანიას“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
როგორც აქუბარდიამ აღნიშნა, შეურაცხმყოფელი განცხადების გამო, უმრავლესობის დეპუტატ ირაკლი ბერაიას სასამართლოში მისვლა მოუწევს.
„ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როცა ეს ყველაფერი გენდერული ნიშნით ხდება, რაც არის დისკრიმინაციული, მათ შორის, შეიცავს სექსუალური შევიწროების ნიშნებსაც. შესაბამისად, მიმდინარეობს მუშაობა იურისტების შესაბამისი ჯგუფის მხრიდან, ერთი მხრივ, სახალხო დამცველისთვის მიმართვა, რათა დაადგინოს მან ეს ფაქტები, ასევე სასამართლოში აუცილებლად მოუწევს ბატონ ბერაიას მოსვლა და თავის მართლება, მე არ ვაპირებ გავჩერდე იქ, სადაც „ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ დასვას წერტილი.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, მოაშორონ ეს კაცი თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციიდან, რადგან ის საბოლოოდ, გაკოტრებული პოლიტიკოსია“, – თქვა თეონა აქუბარდიამ.
ცნობისათვის, 31 ოქტომბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ბერაიამ ოპოზიციონერ დეპუტატ თეონა აქუბარდიას „უსინდისო და სამარცხვინო მატყუარა“ უწოდა.