ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „ბავშვის განვითარების ინსტიტუტის“ დირექტორი და „პორტიჯის ასოციაციის“ ხელმძღვანელი, ნინო ცინცაძე განმარტავს, რამდენად მნიშვნელოვანია ადრეულ ასაკში ბავშვის მეტყველების სტიმულირება. აქ სპეციალისტი აქცენტს სწორ მიდგომაზე აკეთებს, რაც უდავოდ, ეფექტურია.
„შეიძლება სადღაც ისეთი სპეციალისტიც შეგხვდეთ, რომელიც ზუსტადაც, რომ „გაიმეორე, გაიმეორე…“ მეთოდით მუშაობს, მაგრამ თანამედროვე მიდგომა აბსოლუტურად განსხვავდება. არსებობს ძალიან კარგი პროგრამა, რომლის ერთ-ერთი მთავარი დევიზიცაა „არ თქვა თქვი“, ანუ არ უთხრა ბავშვს, რომ რაღაც თქვას, რადგან რაღაცების მოწოდება ქმნის დაძაბულობას, კომუნიკაცია კი მაშინ არის სასურველი, როცა ეს ორმხრივად სასიამოვნოა. ჩვენი ამოცანაა, ბავშვს შევუქმნათ ისეთი გარემო, სადაც ის დაინახავს თუ რა კარგია ადამიანებთან კომუნიკაცია. ადრეული განვითარების პროგრამა ძირითადად სახლში ვიზიტებზეა დაფუძნებული, თუმცა შესაძლებელია ბავშვების ცენტრში მოსვლა და სპეციალისტის ბაღში მისვლაც. „ბავშვის განვითარების ინსტიტუტში“ გვაქვს აუტიზმის პროგრამაც, რომელიც არის სხვა ტიპის და 2-დან 18 წლამდე ბავშვებს ეხმარება, ასევე გვაქვს ენა-მეტყველების სეანსები და ა.შ. რაც შეეხება ადრეული ჩარევის პროგრამას, ის ფოკუსირებულია დაბადებიდან 6 წლამდე ბავშვებზე და მათი ოჯახების გაძლიერებაზე. ყოველ კვირეულ შეხვედრებზე, როცა სხვადასხვა შემთხვევებს განვიხილავთ, ძალიან ემოციური მოსასმენია თუ როგორ საუბრობენ ჩვენი თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ ბავშვებთან მუშაობენ, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ მათ მიმართ. რა თქმა უნდა, ბავშვის წარმატება ყოველთვის ძალიან სასიხარულოა, მაგრამ ორმაგად სასიამოვნოა, როცა ამაში წვლილი მიგიძღვის“ – ამბობს ნინო ცინცაძე.