ლომბარდით მოსარგებლე პირები ე.წ. კრედიტოფიცრებისგან ან ლომბარდის წარმომადგენლებისგან ხშირად ზარალდებიან.
ხშირია შემთხვევები, როდესაც ნივთს, რომელსაც ალომბარდებენ, კრედიტოფიცრები გაუფრთხილებლად ყიდიან.
ერთ–ერთ ასეთ შემთხვევაზე საუბრობს მოქალაქე ლევან ვ. (წყაროს თხოვნით ანონიმურობა დაცულია).
„მეგობარს მანქანის დასალომბარდებლად თავდებში ჩავუდექი, თუმცა სესხის გადახდა ვერ შეძლო. ვალის გადახდა მე დამეკისრა, შეტყობინების გარეშე. არ ვიცოდი, თუ მეგობარი ვერ ახერხებდა თანხის დაფარვას, ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მქონდა. ბოლოს გაირკვა, რომ ის ათასობით ლარი უნდა გადამეხადა, რადგან ვადის გადაცილების გამო, სესხს საჯარიმო თანხაც დაემატა.
“სამწუხაროდ, მე ვერ შევძელი სესხის დაფარვა. თუმცა, დროც კი არ მქონდა იმისთვის, რომ სიტუაცია გამეანალიზებინა და საჭირო თანხა მომეგროვებინა.
“ლომბარდის ხელმძღვანელობამ სასამართლოში მიჩივლა და ამ ეტაპზე დაყადაღებული მაქვს ჩემს სახელზე რეგისტრირებული ქონება და საბანკო ანგარიშები“, – აღნიშნა ლევან ვ.-მა.
ასეთი ისტორიებით, უამრავ ადამიანს შეხვდებით. ზოგს მანქანა აქვს დალომბარდებული, ზოგს ოქროს ნაკეთობები (ისეთი მნიშვნელოვანიც კი, როგორიცაა ქორწინების ბეჭედი ან საგვარეულო რელიქვია…)
„ფორტუნა“ დაინტერესდა, იქცევა თუ არა კანონიერად ლომბარდის ხელმძღვანელობა და რა უფლებები აქვს მომხმარებელს ამ შემთხვევაში. ამ საკითხზე საადვოკატო ბიურო OK & CG-ის ადვოკატს, ანა გორდეზიანს, ვესაუბრეთ.
მისი თქმით, მსგავსი შემთხვევები ხშირია. მომხმარებლის გაფრთხილების გარეშე კი ნივთის რეალიზაცია კანონდარღვევაა.
ადვოკატი კრედიტორების ვალდებულებებზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 282-ე მუხლის თანახმად, კრედიტორი ვალდებულია, გირავნობის საგნის რეალიზაციის თაობაზე ორი კვირით ადრე, წერილობით ფორმით გააფრთხილოს დამგირავებელი და სხვა მოგირავნეები.
კრედიტორს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს უფლება, არ გაუგზავნოს მოვალეს შეტყობინება, თუ პროდუქტი მალფუჭებადია ან თუ დაყოვნების შედეგად, შეიძლება, საბაზრო ღირებულება შემცირდეს, თუმცა, როგორც საადვოკატო ბიურო OK & CG-ის ადვოკატი განმარტავს, პრაქტიკაში, როგორც წესი, ნივთის დაუყოვნებლივრეალიზაციის აუცილებლობის შემთხვევები ძალიან მცირეა.
„კანონმდებლობა, 283–ე მუხლით, გარკვეულწილად იცავს მოვალის ინტერესებს და კრედიტორს ავალდებულებს, ნივთის რეალიზაციამდე დამგირავებელს დამატებით განუსაზღვროს ორკვირიანი ვადა ვალდებულების შესასრულებლად, რათა
მოვალემ შეძლოს ფულადი ვალდებულების შესრულება. ბუნებრივია, იმ შემთხვევაში, როდესაც ეს პირობები ირღვევა, მოქალაქეს, არაინფორმირებულობის გამო, უმძიმდება მდგომარეობა და ხდება მისი ნივთის რეალიზაცია”, – განაცხადა ანა გორდეზიანმა.
ადვოკატის თქმით, კრედიტოფიცრები არ ითვალისწინებენ იმ ფაქტორს, რომ შესაძლოა, დაგირავებული ნივთი ძალიან ძვირფასი იყოს მოვალისთვის.
ასეთი კანონდარღვევისთვის, მოქალაქეს შეუძლია, სასამართლოს მიმართოს, სადაც მოქალაქეს მოუწევს იმის დამტკიცება, რომ გაფრთხილების შემთხვავაში, თანხის დაფარვას შეძლებდა.
“თუ ნივთის რეალიზაციასთან დაკავშირებით ლობარდის წარმომადგენლები არ აცნობებენ მომხმარებლებს, მოქალაქეს შეუძლია, სალომბარდე დაწესებულებას სასამართლოში უჩივლოს. თუმცა, მოქალაქეს მოუწევს იმის მტკიცება, რომ შეტყობინების მიღების შემთხევაში, შეძლებდა თანხის დაფარვას”, – განაცხადა გორდეზიანმა “ფორტუნასთან”.
თუმცა, როგორც წესი, მოქალაქეები მსგავსი პრობლემის არსებობის დროს სასამართლოს იშვიათად მიმართავენ, რადგან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან თავს იკავებენ.
ასე რომ, სანამ ლომბარდებთან ურთიერთობას დაიწყებთ, იურისტებთან ან ინფორმირებულ პირთან გაიარეთ კონსულტაცია. ასე უფრო მეტად იქნებით დაცული.
თამთა უთურგაშვილი