ბიზნესი ე.წ. ტაბელის ცხრილის წარმოების პროცესს ურთულეს თემად აფასებს. ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი #Forbestalks-თან ინტერვიუში ამბობს, რომ ამას ჯარიმა სჯობს. კომპანია „რედიქსის“ დამფუძნებელი აღნიშნულ რეგულაციას ნაჩქარევს უწოდებს.
“ადამიანური რესურსი უნდა გაამსხვილო, რომ ყოველდღიურად აწეროს ხელი ამ ცხრილებზე. მე არ მგონია, რომ ევროკავშირში ასე იყოს. ყოველ შემთხვევაში, მსგავსი რამ მე არც ერთ ქვეყანაში შემხვედრია; შეიძლება, პროგრამულად არის უზრუნველყოფილი და „წკაპები“ აკეთებენ ამ ყველაფერს და ამას არანაირი „ტაბელობანა“ არ სჭირდება. აუციელებელია, რომ ტაბელი მივიღოთ, მაგრამ – თანდათან… შრომის ინპექციასთან შეხვედრაზე ჩემი იურისტები იყვნენ და ვუთხარით, რომ ეტაპობრივად უნდა მოხდეს ამის შემოტანა“, – ამბობს ბიზნესმენი.
შეგახსენებთ, ე.წ. ტაბელის ცხრილის წარმოება დამსაქმებლებს 1 მარტიდან დაევალათ. დამსაქმებელი ვალდებულია, სამუშაო დღეს წერილობით ან/და ელექტრონულად აღრიცხოს დასაქმებულთა მიერ ნამუშევარი დრო და სამუშაო დროის (ნამუშევარი საათების) აღრიცხვის ყოველთვიური დოკუმენტი გააცნოს დასაქმებულს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, სამუშაოს ორგანიზების სპეციფიკიდან გამომდინარე, ეს შეუძლებელია. დასაქმებული უფლებამოსილია დამსაქმებლისგან მოითხოვოს მის მიერ ნამუშევარი საათების აღრიცხვის დოკუმენტ(ებ)ის გაცნობა.