“მაკა სოლოღაშვილის განცხადება სინამდვილეს არ შეესაბამება, რომ „მისი კლინიკა ერთადერთია COVID კლინიკებს შორის, რომელსაც არ ჰყოლია არც ერთი დაინფიცირებული მედპერსონალი, არც გამჟღავნებულად, არც დაფარულად“, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
ეზურბაია სოციალურ ქსელსი ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
“ა.წ. 9 ივნისს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ქ-ნმა მაკა სოლოღაშვილმა მათი კლინიკის სამი თანამშრომლის COVID-19-ით დაინფიცირებასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება, რომლის ზოგიერთი ფორმულირება აცდენილია სინამდვილეს. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ „მისი კლინიკა ერთადერთია COVID კლინიკებს შორის, რომელსაც არ ჰყოლია არც ერთი დაინფიცირებული მედპერსონალი, არც გამჟღავნებულად, არც დაფარულად“.
სინამდვილეში ოთხ COVID კლინიკას – რუხის კლინიკას, ქუთაისის კლინიკას, მცხეთის კლინიკას და ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრს, დღემდე არა ჰყავთ არც ერთი დაინფიცირებული მედპერსონალი, „არც გამჟღავნებულად და არც დაფარულად“, რაზეც არაკორექტულად მიანიშნებს ქ-ნი მაკა. არც ის არის სიმართლე, რომ ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა პირველივე დღიდანაა ჩართული COVID-19-თან ბრძოლაში. სინამდვილეში პირველი COVID-19-ით პაციენტი აღნიშნულ კლინიკაში მოთავსდა ა.წ. 19 მარტს, მაშინ როდესაც საქართველოში პირველი COVID-19-ით პაციენტი დაფიქსირდა ა.წ. 26 თებერვალს. ქ-ნი მაკა თავის განცხადებაში ასევე აღნიშნავს, რომ მისი პერსონალი მარტო დარჩა და არავინ დახმარებია არაადეკვატური ქცევის მქონე პაციენტთან ურთიერთობაში. სინამდვილეში კი, COVID-19-ით პაციენტი, რომელზეც ის საუბრობს მართლაც შეეცადა კლინიკის თვითნებურად დატოვებას, იდგა ინფექციურის ეზოში და უარს აცხადებდა უკან დაბრუნებაზე და არავის იკარებდა. ვერც ქ-ნ მაკას კლინიკის თანამშრომლებმა და ვერც მათ მიერ გამოძახებულმა პატრულის ეკიპაჟმა, რეალურად არსებული რისკის გამო, ვერ მოახერხეს პაციენტთან მიახლოება და მისი დაყოლიება კლინიკაში დაბრუნებაზე და მხოლოდ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დაცვის თანამშრომელმა – ბ-ნმა ლევან გაფრინდაშვილმა გაუწია მათ დახმარება საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად, სწორედ ბ-ნმა ლევანმა მოახერხა შესულიყო კომუნიკაციაში აღნიშნულ პაციენტთან და გადასცა იგი ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის თანამშრომლებს. ასე რომ, ქ-ნ მაკას ამ მხრივაც სასაყვედურო არავისზე აქვს.
გასაგები მიზეზების გამო მედპერსონალს და განსაკუთრებით COVID-19-ით ავადმყოფებთან მომუშავე მედპერსონალს მთელ მსოფლიოში დაინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ უხდება ყოფნა. ასე მაგალითად, ისეთ განვითარებულ ქვეყნებში, როგორიც იტალია და გერმანიაა – თითოეულს 10 ათასზე მეტი დაინფიცირებული მედპერსონალი ჰყავთ, მაშინ როდესაც საქართველოში სულ 104 დაინფიცირებული მედპერსონალია, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია (12,6%), ვიდრე საშუალოდ ევროპაში (დაახლოებით 20%).
ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა ერთ-ერთი წამყვანი კლინიკაა ქვეყანაში COVID-19-თან ბრძოლაში და იმაში, რომ მისი რამოდენიმე თანამშრომელი COVID-19-ით დაინფიცირდა, არაფერი განსაკუთრებული და დასაძრახი არ არის. ასეთი რამ მსოფლიოს ყველაზე უფრო მაღალი დონის კლინიკებშიც ხდება და შეიძლება ყველგან მოხდეს. სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ ქ-ნმა მაკამ თავის განცხადებაში არასწორი და გარკვეულწილად არაკორექტული (რას ნიშნავს „დაფარულად“?) გამოთქმები დაუშვა” , – წერს მარინა ეზუგბაია სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე”.