ოპოზიციური პარტიები აქციებთან დაკავშირებით არსებულ გეგმებს ცვლიან. ახალი შეთანხმების შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა, პაატა მანჯგალაძემ “ფორტუნას” გადაცემა “დღის თემაში” ისაუბრა.
მისი თქმით იმისთვის, რომ ხელისუფლებას არ მისცენ საბაბი, რომ უარი თქვან მოლაპარაკებებზე ან ჩაშლაზე, ოპოზიციამ მიიღო გადაწყვეტილება, დროებით გადაედო აქციები და შეეცვალა ფორმატი, ვიდრე არ დასრულდება 2 კვირიანი მოლაპარაკების ვადა.
“არ გვინდა ხელისუფლებას საბაბი მივცეთ იმისთვის, რომ აქციები გამოიყენონ მოლაპარაკებების ჩასაშლელა”,-განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ექვს პუნქტიან გეგმაზე საუბრისას, რომელიც ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრისას დაიდო, მანჯგალაძე იმედოვნებს, რომ მოცემულ ორკვირიან ვადაში ორივე მხარე გამოსავალს გამონახავს.
“ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს უმაღლესი საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე პოლიტიკური ლიდერის მოწოდება და ასევე ქართველი ხალხის სურვილი, რომ მხარეებმა უნდა გამონახონ საერთო ენა, ამიტომ დავალების სახით შემიძლია ვთქვათ, რომ მოცემულია 2 კვირიანი ვადა. ამ ორ კვირაში უნდა ვიპოვოთ სწორი გზა, სხვა გამოსავალი ქვეყანას არ აქვს”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ცნობისთვის, ოპოზიციამ ერთობლივ ფორმატში დაანონსებული საპროტესტო აქციები, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუტების პიკეტირებას ითვალისწინებდა, გადადო. 5 მარტს კანცელარიასთან დაგეგმილი პიკეტირების ნაცვლად, მანქანებით საპროტესტო მსვლელობა გაიმართება რუსთავისკენ. ხოლო 13 მარტს საქალაქო სასამართლოსთან დაგეგმილი აქცია 20 მარტისთვის გადაიდო.