LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ გვაქვს ილუზია, რომ ივანიშვილის მსახურები ამ კითხვებს უპასუხებენ“ – „სტრატეგია აღმაშენებელი“, „დროა“ და „გირჩი მეტი თავისუფლება“ “ოცნებას” 31 კითხვას უსვამენ

78
Untitled design

სამი ოპოზიციური პარტია „დროა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „გირჩი მეტი თავისუფლება“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

„2023 წლის ბოლოს შეფასება მაღალი ალბათობით იქნება ნეგატიური, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს კვლავ ვერ მიიღებს“ – „სტრატეგია აღმაშენებელი“, „დროა“ და „გირჩი მეტი თავისუფლება“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

პარტიების წარმომადგენლები მიმართვაში ევროკომისიის 12 რეკომენდაციაზე ამახვილებენ ყურადღებას და მოლოდინებზე საუბრობენ. მიმართვის ავტორები ფიქრობენ, რომ ბრიუსელიდან, მაღალი ალბათობით, კანდიდატის სტატუსი არც მომავალი წლის ბოლოს იქნება.

„კითხვები „ქართულ ოცნებას“ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით,

19-21 ოქტომბრის ბრიუსელის ვიზიტის შემდეგ, ჩვენ საჯაროდ განვაცხადეთ რომ:

2022 წლის ბოლოს, ევროკომისიის 12 პუნქტთან მიმართებით, მაღალი ალბათობით რაიმე სახის შეფასება არ იქნება; შეფასება გამოქვეყნდება 2023 წლის ბოლოს; შეფასება მაღალი ალბათობით იქნება ნეგატიური – ანუ საქართველო კვლავ ვერ მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.

ჩვენს ბრიფინგს მოჰყვა არაადეკვატური დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ საპარლამენტო წარმომადგენლების მხრიდან ისევე, როგორც მადისკრედიტირებელი სიუჟეტები სამთავრობო სატელევიზიო არხებზე. დაგვაბრალეს თითქოს ჩვენ ვუშლით ხელს კანდიდატის სტატუსის მიღებას, მაშინ, როცა ყველა ჩვენი შეხვედრა ევროსტრუქტურებში იწყებოდა და სრულდებოდა იმის მტკიცებით, რომ მიუხედავად არსებული უკან დახევისა დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის კუთხით, საქართველო და მისი მოქალაქეები მაინც იმსახურებენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. ამის დასტურია „ალდეს“ მიერ ჩვენი ინიციატივით მიღებული რეზოლუცია, სადაც უპირობოდ და ერთმნიშვნელოვნად მხარდაჭერილია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. 24 ივნისამდე ეს იყო ერთადერთი მაღალი დონის რეზოლუცია ევროკავშირის მხრიდან რომელშიც მოთხოვნილი იყო კანდიდატის სტატუსი.

მიუხედავად ჩვენი შეთავაზებისა „ქართული ოცნების“ მიმართ, ნებისმიერ მათ მიერ კონტროლირებად სატელევიზიო არხზე გვესაუბრა ევროკომისიის მიერ მოთხოვნილ 12 პუნქტზე და შესრულების არარსებულ პერსპექტივებზე, როგორც მოსალოდნელი იყო, მივიღეთ უარი.

გამომდინარე აქედან, საჯაროდ ვსვამთ „ქართული ოცნების“ წინაშე ყველა კითხვას იმ საკითხებთან მიმართებით, რომლებიც ბრიუსელში სხვადასხვა პოლიტიკურ წრეებში აღქმულია როგორც შემაფერხებელი ფაქტორი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გზაზე:

◾ რატომ მოახდინეთ 19 აპრილის შეთანხმების ცალმხრივი ანულირება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტიდან დაახლოებით 10 დღეში? რატომ ჩათვალეთ, რომ ბრიუსელში ამას ყურადღებას არ მიაქცევდნენ? რატომ არ უბრუნდებით 19 აპრილის შეთანხმებას?

◾ რატომ თქვით უარი სასამართლო რეფორმაზე და შემდეგ ვირეშმაკობას მიყავით ხელი, თითქოს ევროკავშირის 75 მილიონი ევრო არ გჭირდებოდათ? რატომ იტყუებით სკოლის მოსწავლეებივით დღემდე ამ თემაზე?

◾რატომ გააგრძელეთ შარშან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრების დანიშვნა, როცა 19 აპრილის შეთანხმება ცალსახად ითხოვდა ამ პროცესის დროებით შეჩერებას? რატომ დანიშნეთ დემონსტრაციულად წელს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ისევ მურუსიძე და გვრიტიშვილი მაშინ, როდესაც შინ და გარეთ ყველამ იცის, რომ ისინი არიან ე.წ. კლანის წევრები?

◾ რატომ გააგრძელეთ შარშან უზენაეს სასამართლოში დაჩქარებულად მოსამართლეების დანიშვნა, როცა 19 აპრილის შეთანხმება ცალსახად ითხოვდა ამ პროცესის დროებით შეჩერებას? რატომ უგულებელყავით გაფრთხილებები ევროკავშირიდან, ისევე როგორც აშშ-ს საელჩოს საჯარო პოსტი, ყვითელი მარკერით გახაზული ტექსტით იმასთან დაკავშირებით, თუ რა არ უნდა გაგეკეთებინათ?

◾ რატომ შეცვალეთ შარშან ცესკო თავმჯდომარის არჩევის წესი ისე, რომ მისი არჩევა დაჩქარებულად შესძლოთ ოპოზიციის გარეშე? რატომ მიიღეთ კანონი, რომლითაც „ვადაგასულ“ თავმჯდომარეს ფაქტობრივად უვადოდ და მუდმივად შეუძლია თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება? რატომ გგონიათ, რომ ამას არ ჩათვლიან ევრო რეკომენდაციის დარღვევად ევროსტრუქტურები?

◾ რატომ გააუქმეთ შარშან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, მიუხედავად ამ საკითხისადმი კრიტიკული დამოკიდებულებისა ბრიუსელის მხრიდან?
რატომ დააკავეთ ნიკა გვარამია კანდიდატის სტატუსის საკითხის გადაწყვეტილების მიღებამდე რამდენიმე დღით ადრე? საერთოდ რატომ დააკავეთ ისეთი მუხლით, რომლითაც აქამდე არასდროს არავინ დაუკავებიათ ამ ქვეყანაში?

◾ რატომ თქვით უარი ოპოზიციის მიერ შემუშავებული ანტიკორუფციული კანონმდებლობის განხილვაზე, რომელიც ჯერ კიდევ 1 წლის წინ დარეგისტრირდა მაშინ, როცა ეს იყო ევროკომისიის პირდაპირი რეკომენდაცია?

◾ რატომ არ დასწიეთ საარჩევნო ბარიერი საპარლამენტო არჩევნებისთვის 2%-მდე ისე, როგორც ეს არის გათვალისწინებული 19 აპრილის შეთანხმებით?
რატომ თქვით გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილებაზე უარი, ისე როგორც ეს არის გაწერილი 19 აპრილის შეთანხმებაში? რატომ დაუბრუნდით ახლა ისევ ამ საკითხს თუ როგორც აცხადებდით ამ წესის შეცვლა არ შეიძლებოდა?

◾ რატომ არ ჩაატარეთ შარშან სექტემბერში სუსიდან გამოჟონილი უკანონო ფარული მიყურადების მასალებზე დამაჯერებელი გამოძიება? რატომ უსმენდით და უთვალთვალებდით დიპლომატებს, მათ შორის ევროკავშირის ელჩს? რატომ ჩათვალეთ რომ ბრიუსელი ამას ყურადღებას არ მიაქცევდა?

◾ რატომ არ დასაჯეთ 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები? რატომ გგონიათ, რომ ბრიუსელში იდიოტები სხედან, რომლებსაც შეგიძლიათ ტყუილები აჭამოთ?

◾ რატომ შეიტანეთ დაჩქარებული წესით ცვლილებები ე.წ. მოსმენების კანონში, როდესაც არაერთი ევროპული სტრუქტურა გაფრთხილებდათ, რომ ამის გაკეთება შეუთავსებელია ამ ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციასთან? რატომ „დაძლიეთ“ პრეზიდენტის ვეტო ამ კანონზე რითაც კიდევ ერთხელ დემონსტრაციულად უარყავით ევრორეკომენდაციები? რატომ დაუშვით, რომ ამას უყურადღებოდ დატოვებდნენ?
რატომ ემუქრებოდით საჯაროდ ევროკავშირის ინსტიტუტებს თუ არ მოგვცემთ სტატუსს, ფარდას ავხდით ყველაფერსო? რომელმა იდიოტმა გადაწყვიტა რომ ასეთი ურთიერთობა დასაშვებია ბრიუსელთან?

◾ რატომ გააშიშვლეთ და ათრიეთ იატაკზე ქვეყნის მესამე პრეზიდენტი? რატომ გადაწყვიტეთ, რომ ამ კადრების გასაჯაროება ბრიუსელში ვინმეს მოეწონებოდა?

◾ რატომ არ მიაღებინეთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდამჭერი რეზოლუცია ევროპარლამენტში სოციალისტებისა და დემოკრატების ალიანსს, რომლის წევრიც არის „ქართული ოცნება“ (ისე როგორც ეს გააკეთა ALDE-მ ჩვენი ინიციატივით)?

◾ რატომ გამოუცხადეთ ბოიკოტი საგანგებო სესიას (სასესიო სხდომები და საკომიტეტო მუშაობა), რომელსაც ითხოვდა ოპოზიცია და რომელზეც ყველა პოლიტიკურ ჯგუფს ერთობლივად უნდა ემუშავა 12 რეკომენდაციის შესრულებაზე?
რატომ გამოუცხადეთ ბოიკოტი საგანგებო სესიას, რომელიც მოწვეული იყო პრეზიდენტის მიერ ოპოზიციის თხოვნის საფუძველზე და რომელზეც უნდა მომხდარიყო უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღება? ხოლო, მოგვიანებით როგორ მოხდა, რომ რეზოლუციის თქვენ ვერსიაში, რუსეთი როგორც აგრესორი ქვეყანა ნახსენებიც კი არ იყო?

◾ რატომ გამოაცხადეთ საქართველოს მტრად ევროკავშირის ყოფილი ელჩი მას შემდეგ, რაც მან დაასრულა თავისი მისია ამ ქვეყანაში? რატომ ჩათვალეთ, რომ ეს ვინმეს მოეწონებოდა ბრიუსელში?

◾ რატომ დასჭირდა მრავალათასიანი მიტინგები და მწვავე პროტესტი, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ხელი მოეწერა კანდიდატის სტატუსის დაჩქარებული წესით მიღების განაცხადს? რატომ აცხადებდა მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება არაფერს ნიშნავდა და უბრალო ფორმალობა იყო?

◾ რატომ ესხმით თავს და ლანძღავთ აშშ ელჩს თქვენი კონტროლირებადი ანტიდასავლური ჯგუფების მიერ და არათუ არ ემიჯნებით, საჯაროდ მხარს უჭერთ მათ ამ ანტიდასავლურ შეტევებს?

◾ რატომ განაცხადა თქვენი პარტიის ფორმალურმა უფროსმა სტატუსის არმოცემა „ოცნების“ ბრალი კი არ არის, არამედ იმის ბრალია, რომ გეოგრაფიულად შორს ვართ და ომში რომ არ ვართ ჩართულიო? რა შეიცვლება ამ მხრივ მომავალ წელს? და თუ არაფერი შეიცვლება, მაშინ რატომ მოგვცემს ევროკავშირი სტატუსს მომავალ წელს კობახიძის ლოგიკით?

◾ რატომ ლანძღეთ და დღემდე ლანძღავთ ევროპელ პოლიტიკოსებს, რომლებიც წლების განმავლობაში იყვნენ ამ ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მთავარი ლობისტების დასავლეთში?

◾ რატომ გააფუჭეთ ურთიერთობა ბალტიის ქვეყნებთან, პოლონეთთან, სკანდინავიის ქვეყნებთან, როცა სწორედ ეს ქვეყნები იყვნენ საქართველოს ინტერესების მთავარი დამცველები ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურებში?

◾ რატომ არ გქონდათ სტატუსის საკითხის გადაწყვეტამდე და არ გაქვთ დღემდე უმაღლესი დონის ვიზიტები ევროპის წამყვან ქვეყნებში ისევე, როგორც ტრადიციულად ჩვენს მხარდამჭერ ქვეყნებში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთში, პოლონეთში, ბალტიის ქვეყნებში, სკანდინავიის ქვეყნებში? აქეთ რატომ არ ჩამოდიან ამ ქვეყნების ლიდერები?

◾ რატომ გამოყარეთ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ე.წ. სამუშაო ჯგუფებიდან, სადაც თითქოს 12 პუნქტის შესრულებაზე მიდიოდა მუშაობა?

◾ რატომ მოიტყუეთ და დღემდე იტყუებით თითქოს დასავლეთი ცდილობს საქართველოს რუსეთთან ომში ჩართვას? რატომ ვირეშმაკობთ თითქოს ე.წ. ხალხის ძალა ცალკე პოლიტიკური წარმონაქმნია? რატომ გადაწყვიტეთ რომ ბრიუსელში ისეთი იდიოტები არიან, ვერ ხვდებიან რას აკეთებთ ამ ყველაფრით?

◾ რატომ ლანძღავთ უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რასაც არ უნდა წერდნენ ან იძახდნენ ისინი? ხომ გასაგებია რომ უკრაინის მორალური უპირატესობა ახლა არის ამ ქვეყნისთვისაც ყინულმჭრელი ევროპისკენ და ზოგადად დასავლეთისკენ?

◾ რატომ არ დაიკავეთ რუსეთის სანქციებთან დაკავშირებით ცხადი და არაორაზროვანი პოზიცია?

◾ რატომ არ ითხოვთ 12 პუნქტის შესრულების პროცესში ევროპელი ექსპერტების ჩართვას, თუ მართლა არსებობს ამ მოთხოვნების შესრულების პოლიტიკური ნება?

◾ რატომ დაარეგისტრირეთ უკრაინულიდან თარგმნილი „დეოლიგარქიზაციის“ კანონპროექტი, როცა გასაგებად აგიხსნეს ბრიუსელიდან რომ ეგ კანონი უკრაინის რეალობაზეა მორგებული და საქართველოს ჩვენს რეალობაზე მორგებული კანონი სჭირდება? რატომ ამბობთ უარს ამ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გადაგზავნაზე?

ესენია კითხვები, რომლებიც ისმის ბრიუსელში. ამდენი კითხვის არსებობა თავისთავად უჩენს ერთ, მთავარ კითხვას ევროპელებს: – რამდენად აქვს პოლიტიკური ნება ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“, შეასრულოს ევროკომისიის 12 რეკომენდაცია. ბრიუსელში უკვე ფიქრობენ რომ ასეთი პოლიტიკური ნება „ქართულ ოცნებაში“ არ არსებობს. შესაბამისად, ძალიან მაღალი ალბათობით, არანაირი სტატუსი არ იქნება არც მომავალი წლის ბოლოს.

პ.ს. არ გვაქვს ილუზია, რომ ივანიშვილის მსახურები ამ კითხვებს უპასუხებენ“, – აღნიშნულია პარტიების მიერ გავრცელებულ ერთობლივ მიმართვაში.

მეგრელიშვილი: ვაშაძე და ჯაფარიძე ძალიან უნიჭოები არიან, ხოშტარიას კარგად არ ვიცნობ, მაგრამ განსაკუთრებული ნიჭი არც მისთვის შემიმჩნევია

“სკოლაში გვასწავლეს, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, სამივე მონათესავე სულები არიან” – იოსელიანი ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები