LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ გამოვრიცხავ, საკმარისი რაოდენობის კანდიდატები ვერ შევარჩიოთ და კონკურსის გამოცხადება თავიდან გახდეს საჭირო: ნატროშვილი ცესკოს თავმჯდომარისა და წევრობის კანდიდატებზე

32
ლევან ნატროშვილი

“კანდიდატების დონესთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები იყო და შესაძლოა, ასეც მოხდეს, რომ ჩვენ საკმარისი რაოდენობის კანდიდატები ვერ შევარჩიოთ.” – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენელმა, ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევი კომისიის წევრმა, ლევან ნატროშვილმა “ინტერპრესნიუსთან” განაცხადა და თქვა, რომ საერთო ფონით კმაყოფილი არ არის და შესაძლოა ამ კუთხით გარკვეული პრობლემები იყოს.

ცესკოს თავმჯდომარისა და წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება დღეს სრულდება – პრეზიდენტს განსახილველად 3 დღე ექნება

ნატროშვილი არ გამორიცხავს, რომ კონკურსის თავიდან გამოცხადება გახდეს საჭირო:

“რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ საერთო ფონით არ ვარ მე კმაყოფილი კანდიდატების და კომისია, ალბათ, სერიოზული დილემის წინაშე იქნება, ყოველ შემთხვევაში, მე, როგორც ერთი რიგითი წევრი – თუ ვის დავუჭირო მხარი. შესაბამისად, შეიძლება ამ კუთხით გარკვეული პრობლემები იყოს.

რაც შეეხება იმას, რამდენად შესაძლებელია, კონკურსი თავიდან გამოცხადდეს, ვერაფერს გამოვრიცხავთ, რა თქმა უნდა, მე ჯერ არ ვიცი სხვა კომისიის წევრების აზრი ამ საკითხებთან და კანდიდატებთან დაკავშირებით, თუმცა კანდიდატების დონესთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები იყო და შესაძლოა, ასეც მოხდეს, რომ ვერ შევარჩიოთ ჩვენ საკმარისი რაოდენობის კანდიდატები.

მოგეხსენებათ, რომ კანონის მიხედვით, მინიმუმ, 2 კანდიდატი უნდა შევარჩიოთ და მაქსიმუმ – 3, რომელიც უნდა წარვადგინოთ ერთ პოზიციაზე და რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ, რომ ვერ შევარჩიოთ და თავიდან გახდეს საჭირო კონკურსის გამოცხადება, თუმცა ჯერ კიდევ არიან კანდიდატები, სამსჯელო გვაქვს, შესაფასებელი გვაქვს მთელი პროცესი, კანდიდატები და დაველოდოთ ამ გადაწყვეტილებებს და არ გავუსწროთ მოვლენებს, თუმცა ამის ალბათობა არის.” – განაცხადა IPN-თან ნატროშვილმა.

შეგახსენებთ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება.

გასაუბრების პროცესი გუშინ დაიწყო და დღეს უნდა დასრულდეს. გუშინ, სპეციალური კომისია 15 პირს თითქმის 10 საათის განმავლობაში უსმენდა.