დარწმუნებული ვარ, ყველა წყენა გადაიდება და ყველანი ერთად, არ დავუშვებთ რუსული მენტალიტეტის ჩინოვნიკის, „მატრიოშკას“ გაპრეზიდენტებას, – ქართული ოცნების დეპუტატმა, ნუკრი ქანთარიამ პარლამენტის პლენარული სხდომიდან საზოგადოებას მიმართა და უთხრა, რომ “ქვეყანას მეორე ტურის ხიფათი უახლოვდება”.
“დღეს, როდესაც მეორე ტურში ჩვენს ქვეყანას ხიფათი უახლოვდება, როდესაც სააკაშვილის ნაცვალი, რომელსაც გულში აქვს ისევ დამარხული რუსული პასპორტი, შესაძლებელია და ასეც არის, ფეხდაფეხ მიჰყვება ჩვენს მხარდაჭერილ კანდიდატს, დარწმუნებული ვარ, ყველა წყენა, ყველაფერი გადაიდება და ყველანი ერთად, არ დავუშვებთ რუსული მენტალიტეტის ჩინოვნიკის, „მატრიოშკას“ გაპრეზიდენტებას, რომლის შიგნით ზის სააკაშვილი, იმის შიგნით მერაბიშვილი და სხვა „მატრიოშკებში“ სხედან, სხვადასხვა დამნაშავები, სხვადასხვა კალიბრის, ზოგი გაქცეული, ზოგი ამჟამად პატიმარი“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
დეპუტატი დარწმუნებულია, რომ მხარდამჭერთა სრული მობილიზების შედეგად „ქვეყანა სირცხვილს არ ჭამს“.
„დარწმუნებული ვარ და მთელს ჩემს ძველ გვარდიას, რომელმაც თავი გაწირეს იმ დროს, დარწმუნებული ვარ, სრული მობილიზების შედეგად, ჩვენს ქვეყანას სირცხვილს არ ვაჭმევთ, ძველ დროს გავიხსენებთ და მტერს არ გავაცინებთ“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ სხდომაზე.
საშემოდგო სესიის პლენარულ სხდომაზე, საპრეზიდენტო არჩევნებს აფასებს უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკიც. დეპუტატი ამბობს, რომ წინასაარჩევნო ბატალიები დაემსგავსა გლადიატორების ბრძოლას, სადაც ადამიანები ცუდ სიტყვებს არ იშურებენ ერთმანეთის მიმართ.
“ბევრი ვილაპარაკეთ იმაზე, რომ არის ლანძღვა, გინება, წინასაარჩევნო ბატალიები დაემსგავსა გლადიატორების ბრძოლას, სადაც ადამიანები ცუდ სისტყვებს არ იშურებენ ერთმანეთის მიმართ. სინამდვილეში ვამბობთ, რომ ერთმანეთის მიმართ ხდება ეს ყველაფერი, თუმცა ძირითადად ეს ყველაფერი ერთი ადამიანის მიმართ ხორციელდება – ეს არის სალომე ზურაბიშვილი. არ დარჩენილა ოპონენტი, რომელსაც არ გაეღო პირი და არ ეთქვა ის, რაც არის ჩვენს საზოგადოებაში დასახელებული და გაგებული, როგორც შეურაცხმყოფელი სიტყვა. ამხელა რაოდენობის დეზინფორმაცია, რაც მოვისმინეთ, მე არ გამიგია”- ამბობს ვოლსკი.
ნაციონალური მოძრაობა კი ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ბედს შეეგუონ. სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია არჩევნების მშვიდობიანი გზით მოგებისთვის ემზადება და არეულობა მათ ინტერესში არ შედის.
ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ოპოზიცია მშვიდობიანი გზით არჩევნების მოსაგებად ემზადება, ძალიან მშვიდობიანი გზით პრეზიდენტის ინსტიტუტის ჩასაბარებლად და ამ კონკრეტული სახელმწიფო ინსტიტუტის მართვის სათავეების ხელში ასაღებად. რაც შეეხება ძალადობას, მემგონი ჩვენ ვიხილეთ, რა ხდებოდა სხვადასხვა რეგიონებში, მათ შორის ახალქალაქში და ვნახეთ, ვის ინტერესებშიც შედის ძალადობრივი სცენარი”- განაცხადა სამადაშვილმა
ამ თემაზე კომენტარს აკეთებს ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანიც.
“როგორც აგდებული ქვა არ ასცდება მიწას, ისე თქვენ ქართულ ოცნებას არ აგცდებათ დამარცხება”, — განაცხადა რატიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.მისი თქმით, მმართველ გუნდში არის კრიზისი და ამის ფონზე დემოკრატიულობის ტესტი ბარდება:
“ეს ტესტი ბარდება, როდესაც აგებთ არჩევნებს, სწორედ ამ დროს ყველა იმ შემთხვევაში, როცა აგებდით, მიმართავდით ძალადობას”.
შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მმართველი გუნდის მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილსა და “ნაციონალური მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს შორის გაიმართება.