LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არ დატოვოთ საკუთარი თავი მარტო” – ფსიქოლოგის რჩევები თუ როგორ გავუმკლავდეთ პანდემიას

1555
FORTUNA.GE (14)

„COVID-19”-ის პანდემიის გამო, ბოლო 10 თვის განმავლობაში, მსოფლიოს ცხოვრების რიტმი რადიკალურად შეიცვალა. ადამიანები არაერთი ამოცანისა და პრობლემის წინაშე დადგნენ. ყოველდღიურად უამრავი ნეგატიური ამბის გაგება და მისგან თავის დაცვა უწევთ, რაც გარკვეულ ფსიქოლოგიურ სტრესთან და ხანდახან უკონტროლო ემოციებთან არის დაკავშირებული.

იმისთვის, რომ საკუთარი თავის და ახლობლების ყოფა ოდნავ შევამსუბუქოთ, გარკვეული რჩევებისთვის „ფორტუნა“ ფსიქოლოგ ნონა ტაბატაძეს დაუკავშირდა.

პანდემიის პერიოდში გახშირდა თუ არა პაციენტების მომართვიანობა და ძირითადად რა პრობლემებით მოგმართავენ?

გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიო პანდემიამ მოიცვა, დიახ, გახშირდა პაციენტების მომართვიანობა. პანიკური შეტევებით, შფოთვითი აშლილობებით მოდის უამრავი ადამიანი. ვისაც აქამდე აწუხებდა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, მათ გაუმწვავდათ, ზოგისთვის კი დღევანდელი მოვლენები პანიკური შეტევების მაპროვოცირებელი გახდა.

როგორ მივხვდეთ, რომ ფსიქოლოგის დახმარება გვჭირდება?

ხშირად ადამიანებს ასეთ დროს ეწყებათ თავბრუსხვევა, გულის აჩქარება, გაბრუება და ა.შ. სომატური ჩივილებით როგორც წესი იწყებენ ერთი ექიმიდან მეორესთან სიარულს და როგორც წესი ვერ არკვევენ თუ რა არის მათი ასეთი მდგომარეობის მიზეზი. ბევრი გამოკვლევის შემდეგ კი, ექიმის რჩევით, გადამისამართდებიან ფსიქოთერაპევტთან. სუნთქვის უკმარისობა, დაბალი სიცხე, შესაძლოა პანიკური შეტევის გამო ჰქონდეს ადამიანს. ამიტომ მნიშვნელოვანია დაკვირვება, სწორი და დროული ჩარევა.

პანდემიისგან შექმნილი დაძაბული გარემო, რა ნეგატიურ ცვლილებებს ახდენს ადამიანში?

პანდემიამ ყველაზე მძიმე დარტყმა ადამიანურ ურთიერთობებს მიაყენა. ვირუსის გადადების შიში, რომელიც ადამიანებს გვაიძულებს ვიყოთ ერთმანეთისგან დისტანციურ გარემოში, ფიზიკური ურთიერთობის გარეშე შეიძლება რთულად აღსაქმელი და გადასატანი იყოს თითოეული ჩვენთაგანისთვის, ვინაიდან ადამიანი სოციალური არსებაა და მას სჭირდება როგორც ფიზიკური, ასევე ემოციური კავშირი, იმისთვის, რომ გამოხატოს და აღიქვას საკუთარი თავი, ამიტომ ასეთ დროს მნიშვნელოვანია ყველამ გავაცნობიეროთ, რომ ფიზიკური დისტანცია არ ნიშნავს სოციალურად დისტანცირებას, ანუ თუ ფიზიკურად დავტოვებთ საკუთარ თავს მარტო, ეს არ გადაიზარდოს სოციალურ იზოლაციაში. 21-ე საუკუნეში ხელშემწყობია ონლაინ სოციალური სივრცე, სადაც ახლა ძალიან მარტივი და ხელმისაწვდომია ურთიერთობა და თვითგამოხატვა. ამიტომ მაქსიმალურად ვეცადოთ არ დავტოვოთ ერთმანეთი მარტო ამ სივრცეში და გვახსოვდეს, რომ პანდემია დასრულდება და ჩვენ ისევ ჩავეხუტებით ერთმანეთს.

რთულია, როდესაც აქტიური ცხოვრების წესი დისტანციურ რეჟიმზე გადადის.  როგორ შევეგუოთ ამ ცვლილებებს?

ბუნებრივია ადამიანებისთვის მოულოდნელი, წარმოუდგენელი და რთულად აღსაქმელია დღევანდელი რეალობა. პანდემიის დასაწყისში გვახსოვს, რომ უმრავლესობისთვის დაუჯერებელი იყო ის, რაც ხდებოდა. ბევრი იძახდა კორონა არ არსებობს, ტყუილია რაც ხდება. ზოგადად, ფსიქიკას ასეთ მოულოდნელობებთან შესაგუებლად და აღსაქმელად გარკვეული დრო შეიძლება დასჭირდეს და პირდაპირ არ იყოს მიღებული რეალობა. დღეს, როცა უკვე თითქმის ერთი წელიწადი გადის, რაც მსოფლიო პანდემია დაიწყო და ყველამ უკვე გაუსწორა თვალი ამ რეჟიმს, ადამიანები თითქოს გარკვეულწილად შეეგუვნენ ამ დისტანციურ რეჟიმს, თუმცა პოსტპანდემიური სტრესი, რასაც covid19-ის შემდეგ გველოდება, დიდი ალბათობით ჯერ კიდევ წინ გვაქვს.
განსაკუთრებით გამოვყოფდი მოზარდების შემთხვევას. მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თავიანთი ასაკის ადამიანებთან, გარკვეულ ჯგუფებთან გაერთიანება, შეკრებები, გაზიარება, როგორც ფიზიკურ, ასევე მენტალურ დონეზე, ამიტომ შესაძლოა მათზე მსოფლიო პანდემიას საკმაოდ მატრავმირებელი როლი ჰქონდეს მომავალში. თუმცა შესაძლოა მეორე მხრივ, მათმა ახალგაზრდა, მოქნილმა ფსიქიკამ უფრო მარტივად გადალახოს ფიზიკური დისტანცირება, რადგან ისინი მაინც ახალი თაობის წარმომადგენლები არიან – ინტერნეტთან, ონლაინ სივრცესთან, სოციალურ ქსელებთან უფრო მეტად ადაპტირებული.

ვირუსის დადასტურების დროს, რა როლს თამაშობს სწორი ფსიქოლოგიური განწყობა?

ზემოთ უკვე აღვნიშნე, რომ სუნთქვის გაძნელება და ზოგიერთი სიმპტომი, რომელი covid 19-ს ახასიათებს, ასევე პანიკური შეტევებისთვის არის დამახასიათებელი, ამიტომ, შესაძლოა, როდესაც ადამიანი იგებს დიაგნოზს, ამ დროს დიდი გავლენა იქონიოს სიმპტომების გამოვლენის ფსიქო-სომატურმა ფაქტორმა. მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად სიმშვიდის და პოზიტიური ფიქრის შენარჩუნება, რაშიც დაგეხმარებათ ფსიქოთერაპია, რომელიც დღეს ონლაინ რეჟიმშიც შესაძლებელია.

განსხვავებულია თუ არა ახალგაზრდა და ხანდაზმული ადამიანების განცდები და აღქმები?

ბუნებრივია, როდესაც ტელევიზია ყოველდღიურად გადმოსცემს უამრავ შემთხვევას, როცა ხანდაზმული ადამიანები ვერ უმკლავდებიან ამ ვირუსს, ასეთ დროს მძიმეა ასაკოვანი ხალხის განცდები და შიშები მეტად, ვიდრე ახალგაზრდების. თუმცა ახალგაზრდებმა შეიძლება მეორე მხრივ, დიდი დანაშაულის გრძნობა ატარონ. მუდმივად ჰქონდეთ შიში, რომ შესაძლოა ისინი გახდნენ საყვარელი ადამიანების დაინფიცირების მიზეზი. ეს გარკვეულწილად ბუნებრივია დაცვითი მექანიზმი შეიძლება იყოს, ანუ ისინი მეტ სიფრთხილეს გამოიჩენენ. თუმცა, მეორე მხრივ, შესაძლოა მათი ფსიქიკური მდგომარეობა, შიშები და შფოთვა წამოწიოს წინ, რაც ბუნებრივია აისახება მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

რას ურჩევდით კარანტინსა და იზოლაციაში მყოფ მოქალაქეებს, როგორ უნდა გაართვან თავი ამ რთულ პერიოდს?

პირველ რიგში, ვურჩევდი მეტ სოციალურ კონტაქტს ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებში, არ დატოვონ საკუთარი თავი მარტო ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, მაქსიმალურად იყონ ხაზზე მეგობრებთან, საყვარელ ადამიანებთან, გაუზიარონ საკუთარი განცდები, ემოციები მათ. ასევე ვურჩევდი ჩამოწერონ ის სურვილები, რისი განხორციელება მათ სურთად აქამდე და ამის დროს ვერ ნახულობდნენ, არის უამრავი ონლაინ ტრენინგი, სასწავლო კურსი, მედიტაციის სეანსები, იოგას ონლაინ გაკვეთილები და ა.შ. რისი გაკეთების დროც მათ ახლა აქვთ, გააკეთონ განრიგი, ყველა დღე თვითიზოლაციისა შეძლებისდაგვარად დატვირთონ სასურველი საქმიანობებით. ვისაც მომატებული აქვს შფოთვა, უჭირს კონცენტრაცია, მათ ვურჩევდი მიმართონ ონლაინ ფსიქოთერაპიას, ახლა ზუსტას ის დრო შეიძლება იყოს, რომელიც დაეხმარება ადამიანებს წარსული გამოცდილებების გადაფასებასა და შემდგომი ქმედებების პროდუქტიულად დაგეგმვაში.

პანდემიის პირობებში, როგორ უნდა შევუქმნათ ბავშვებს მშვიდი გარემო?

შეიძლება ბევრისთვის უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ბავშვი არის გამტარი, ანუ ის მშობლის ემოციებს ირეკლავს სარკისებურად, ამიტომ ბავშვის სიმშვიდე პირდაპირ პროპორციულად დამოკიდებულია მშობლის განწყობაზე. თუ მშობელი მშვიდად არის, ბავშვიც – მშვიდადაა. ასეთ დროს სულ მახსნდება რობერტო ბენინის გენიალური ფილმი “ცხოვრება მშვენიერია”, სადაც საოცარი ოსტატობით არის აღწერილი მშობლის გამკლავების მექანიზმი, რომელიც როგორც საკუთარი, ასევე ბავშვის ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნების მშვენიერი ნიმუშია.

ჟამიანობის პერიოდში, როგორ გავუფრთხილდეთ ფსიქიკურ ჯანმრთელობას?

პირველ რიგში, რასაც ადამიანი ასეთ დროს საჭიროებს, არის თანაგრძნიბა იმ სოციალურ სივრცეში, რომელშიც ის არსებობს. ჩემი კოვიდ ინფიცირებული მეგობარი ხშირად მეუბნებოდა, თუ როგორ უხაროდა მას იზოლაციის და ავად ყოფნის დროს ნებისმიერი ადამიანის მისდამი ემპათიური დამოკიდებულების გამოვლენა. “მე შენთან ვარ”, “მაინტერესებს შენი ამბავი”, “მზად ვარ დაგეხმარო, როგორც შემიძლია” და ა.შ.
ბოლოს ვიტყოდი, რომ მსოფლიო პანდემიამ კაცობრიობას აჩვენა, თუ როგორი მნიშვნელოვანი ვართ სინამდვილეში ერთმანეთისთვის და რამხელა როლს ვთამაშობთ ერთმანეთის ცხოვრებაში. გარკვეულწილად ამ ფიზიკურმა იზოლაციამ დაგვანახა მეგობრებთან, საყვარელ ადამიანებთან ჩახუტების და მათთან ფიზიკური კონტაქტის რამხელა აუცილებლობა შეიძლება გვქონოდა.