LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ დაიდარდოს“ 18 წლის იუბილე, ცნობილი მომღერლების სტუმრობა და ტორტის გაჭრა: „ჩვენი და თქვენი კოალიცია ხალხს აბედნიერებს… ასე გააგრძელეთ!..“

1840
page

დღეს საქართველოს მასშტაბით ყველაზე რეიტინგული რადიოს დაბადების დღეა. „არ დაიდარდო“ 18 წლის წინ რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ ინიციატივით დაარსდა და ქართული სიმღერის პოპულარიზების საქმეში უდიდესი წვლილი შეიტანა. რასაკვირველია, რადიოს პოპულარობა უამრავი მიზეზით არის განპირობებული, უმეტესწილად კი ეს იმ გუნდის დამსახურებაა, რომელიც მუდმივად სიახლეებზეა ორიენტირებული და რაც მთავარია, მსმენელს კარგ ქართულ სიმღერას სთავაზობს.

თამარი,მაია,თათა

თამარ ჩიგოგიძე, რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ ხელმძღვანელი:

თავიდან, როცა მამას ამ რადიოს შექმნის იდეა დაებადა ვგრძნობდით, რომ „არ დაიდარდო“ აუცილებლად დიდ წარმატებას მიაღწევდა – ყველა ქვეყანაში ასეა, ნაციონალური რადიოსადგურები მუდამ პირველ ადგილს იკავებენ, რადგან მშობლიურ ენაზე შექმნილი სიმღერები ყველგან მნიშვნელოვანია. თავიდან ჩვენს საერთაშორისო პარტნიორთან Metromedia International-თან ერთად დავაარსეთ „ფორტუნა“, ვიცოდით, რომ მის ეთერში ოქროს ჰიტები უნდა გასულიყო. არ იყო დაგეგმილი, რომ მეორე რადიოსაც გავხსნიდით, მაგრამ „ფორტუნას“ პოპულარობამ მოიტანა ეს სურვილი – დაარსდა „ფორტუნა პლუსი“, რომელიც უფრო თანამედროვე მუსიკაზე იყო ორიენტირებული… შემდეგ, სამწუხაროდ, Metromedia-მ გადაწყვიტა საქართველოს ბაზრის დატოვება, თუმცა ჩვენ გაგვიჩნდა შესაძლებლობა, გაგვეკეთებინა სრულად ქართული რადიოსადგური და საუკეთესო სიმღერები, რაც იმ დროისთვის მოიპოვებოდა ჩანაწერების სახით, გაერთიანებულიყო ერთ ფორმატში – თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ფორმატი და წყობა „არ დაიდარდოს“ განსხვავებული აქვს – სხვადასხვა ჟანრს აერთიანებს, ხალხურ, ქალაქურ, ესტრადის, პოპ სიმღერებს. ამ ყველაფრის დაბალანსება და სწორად ფორმატირება – ამაშია ჩვენი ხელოვნება. დიდი მადლობა გიორგი მშვენიერაძეს, რადიო „არ დაიდარდოს“ მენეჯერს, რომელსაც ამ კუთხით ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის. მისი და მისი გუნდის დამსახურებაა რადიო „არ დაიდარდოს“ ასეთი პოპულარობა. მადლობა მას და „არ დაიდარდოს“ თითოეულ წამყვანს. მინდა, მათ მივულოცო ეს დღე, ვუსურვო ულევი მსმენელი, დიდი წარმატებები და „არ დაიდარდოს“ დიდხანს არსებობა. მნიშვნელოვანია, რომ ის იყოს და დარჩეს პოპულარულად, დაარსების დღიდან პირველ ადგილზეა, უკვე 18 წელია და მეამაყება, რომ ეს რადიო ჩვენი ჰოლდინგის შემადგენლობაშია. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ „არ დაიდარდოს“ წამყვანები გამორჩეულები არიან, სულ მხიარულები და ენერგიულები – „არ დაიდაროდზე“ რომ გადავრთავ, სულ სხვა ენერგია მოდის. თუკი ცუდ განწყობაზე ხარ, უნდა გადართო „არ დაიდარდოზე“. ალბათ, ეს არის ხალხისთვის განტვირთვის კარგი საშუალება და ესეც განაპირობებს მის დიდ პოპულარობას, სხვა ბევრ მიზეზთან ერთად.

რადიო „არ დაიდარდოს“ დღეს ქართული სიმღერის ცნობილი შემსრულებლები ესტუმრნენ და თავიანთი დიდი სიყვარული გამოხატეს რადიოს მიმართ, რომელიც მათ და ქართველ მომღერლებს მუდამ გვერდში უდგას.

გიორგი მშვენიერაძე, „არ დაიდარდოს“ მენეჯერი:

18 წელი შეგვისრულდა. გავხდით სრულწლოვნები.

პირველ წელს გქონდა შეგრძნება, რომ ასეთი გრძელვადიანი პროექტის ხელმძღვანელი იქნებოდი?

ნამდვილად არ მქონდა ეს შეგრძნება და ვერც წარმოვიდგენდი, რომ პირველ რიგში, 18 წელი ერთ ადგილას ვიმუშავებდი და მეორეც, რადიო „არ დაიდარდო“ ასეთი მნიშვნელოვანი იქნებოდა როგორც ჩემი ცხოვრებისთვის პირადად, ასევე მთელი საქართველოსთვის. მგონია, რომ გაამართლა…

რატომ ამართლებს დღემდე, შენი აზრით?

პირველი მიზეზი ეს არის ხალხის სიყვარული. რატომ უყვართ? ამისთვის ბევრი მიზეზი არსებობს, თუმცა ჭეშმარიტად ქართული ტალღაა და ამას დავასახელებდი პირველ მიზეზად – აქ ჟღერს ქართული მუსიკა.

რატომ ვერ დაიკავა იგივე ნიშა ასეთივე რეიტინგულობით სხვა რადიოებმა?

არის სხვა ასეთი ტიპის რადიოები, ყველას თავისი ნიშა აქვს და თავისი მსმენელიც ჰყავს. ჩემგან ალბათ, უხერხულია ამაზე საუბარი – ვფიქრობ, მთლიანად ჰოლდინგის დამსახურებაა, მთლიანი გუნდი, ხელმძღვანელობა, მფლობელი, მენეჯერი, ჟურნალისტები, დაცვაც კი – ისეთი შემადგენლობაა, რომ სხვანაირად ვერც იქნებოდა, – როგორც თავის დროზე გაამართლა „ფორტუნამ“, „ფორტუნა პლუსმა“, მერე ჩვენ და მერე „ავტორადიომ“…

სიახლეებს გეგმავთ?

სიახლეები ჩვენთან სულ არის და ახლაც, რსაკვირველია, ვგეგმავთ – იქნება ახალი რუბრიკები, ვიქტორინები, რომლებიც მჭიდროდ იქნება დაკავშირებული ჩვენი სოციალური ქსელის ანგარიშებთან, მათ შორის „ფეისბუქზე“, „ინსტაგრამსა“ და „ტიკ-ტოკზე“. ჩვენ გვყავს ახალგაზრდა, პატარა ასაკის მსმენელი და გვინდა, მათთვის საინტერესო იყოს ჩვენი შინაარსობრივი მხარე. ყველანაირი კვლევით ჩანს, რომ უსმენს ყველა ფენა, კატეგორია და ასაკობრივი სეგმენტი. საბოლოო ჯამში, რომ შევაფასოთ, „არ დაიდარდოს“ მთელი ქვეყანა უსმენს.

არ დაიდარდო

ეკა მამალაძე:

ძალიან მომწონს და მიხარია, რომ „არ დაიდარდო“ უძლებს წლებს. როგორც ქართული სიმღერის შემსრულებელს, სულ თან მსდევს რადიო, რომელსაც უამრავი ადამიანი უსმენს, მეც ხშირად ვუსმენ და მიხარია, როცა კარგ, ღირებულ ქართულ კომპოზიციებს ვუსმენ. 18 წლის გახდა დღეს რადიო „არ დაიდარდო“ და ყოჩაღ ამისთვის! განვითარებაზე რომ არ ყოფილიყო ორიენტირებული, ამდენ წელს ვერ გაძლებდა – ეს დამოკიდებულია თანამშრომლებზე, გუნდზე, ვფიქრობ, ბევრ რამეს აკეთებთ, ამიტომაც გაუძლო დროს. ეს ძალიან საამაყო და მნიშვნელოვანია – როცა რაღაცას არსებობს და მას ინარჩუნებ.

ეკა მამალაძე

დათო ხუჯაძე:

მადლობელი ვარ „არ დაიდარდოსი“, რადგან ჩემი შემოქმედების უმეტესობა აქ გაჟღერდა, აქედან აიდგა ფეხი. უზომოდ მადლიერი ვარ იმ ხალხის, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ რადიოს შექმნაში, მის ამუშავებაში და ვინც დღესაც აქ მუშაობს. თქვენზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული და იქნება მომავალშიც, განსაკუთრებით კი ის, რომ ამომავალი ვარსკვლავები აღმაოჩინოთ და გამოაჩინოთ. ჩვენი და თქვენი კოალიცია იმით არის კარგი, რომ ხალხი ამით არის ბედნიერი… ასე უნდა გააგრძელოთ!..

დათო ხუჯაძე

ლაშა ღლონტი:

ეგოისტური გამოვა ჩემი შეფასება – ასე მგონია, ჩემს დაბადების დღეზე მოვედი, იმდენად ვარ შეზრდილი „არ დაიდარდოსთან“. ჩემი პირველი წარმატება და ყველაფერი ის, რაც ჩემს კარიერაში მოხდა, მეტწილად ამ რადიოს დამსახურებაა. ხშირად მიწევს მოგზაურობა საზღვარგარეთ, არაერთხელ აღმინიშნავს, რომ მთელი ჩვენი ემიგრაცია „არ დაიდარდოზეა“ შეყვარებული, მათთვის იმხელა შვება ხართ – ძალიან ბედნიერი ვარ. ყველაზე ადრე მოვედი, ყველაზე ადრე გადავიღე სელფი და ჩემს კედელზე დავდე. ძალიან მიყვარხართ. სიკეთეს, სიყვარულსა და ბედნიერებას გისურვებთ. გამოვდივარ წინადადებით, ერთი დღე საქართველოში დავაწესოთ არ დაიდარდოს დღედ და ყველანი ვიყოთ არ დაიდარდოები, ჩავეხუტოთ ერთმანეთს!..

ლაშა რამიშვილი

ტრადიციულად, „არ დაიდარდოს“ დაბადების დღე უგემრიელესი ტორტის გაჭრით აღინიშნა…

არ დაიდარდოს იუბილე

ინტერვიუ: ნინო მურღულია

ფოტო: დათუნა აგასი