ჟურნალისტი თამუნა ილურიძე სოციალურ ქსელში, სკოლებში, მასწავლებლის საჩუქრისთვის ფულის შეგროვების ერთგვარ „ტრადიციას“ ეხმაურება. ალბათ, ყველას კარგად გახსოვთ, მასწავლებელს, განსაკუთრებით კლასის დამრიგებელს, კონკრეტულ დღესასწაულებზე, თუ როგორ ჩუქნიდნენ ერთობლივად საჩუქრებს. როგორც ჩანს, ეს „ტრადიცია“ დღემდე გრძელდება და კლასში ფულის შეგროვების პროცესს აქტიური მშობელი ხელმძღვანელობს.
ერთი შეხვედით ამ ფაქტში საგანგაშო არაფერია. თუმცა მეორე საკითხია, როდესაც კლასში იმყოფებიან ისეთი ბავშვები, რომელთა მშობლებს ნამდვილად არ გააჩნიათ იმის შესაძლებლობა, რომ ფული დადონ. ანუ კლასის საერთო სიაში ესეთი ბავშვები ვერ ხვდებიან.
ჟურნალისტი მოუწოდებს მშობლებს, არ ჩათვალონ თავი ვალდებულად, შვილისთვის “რაიმე სიკეთის” მოსატანად, კარგი ნიშნისთვის, შექებისთვის ან ყალბი კეთილგანწყობისთვის მასწავლებელს იძულებით საჩუქარი უყიდონ.
თამუნა ილურიძის სტატუს უცვლელად გთავაზობთ:
არ აჩუქოთ მასწავლებელს რვა მარტს საჩუქარი… იძულებით, კოლექტიურად, ვალდებულების გამო, შვილისთვის “რაიმე სიკეთის” მოსატანად, კარგი ნიშნისთვის, შექებისთვის, ყალბი კეთილგანწყობისთვის.
როცა სხვა მშობლები დაგირეკავენ, არ ჩათვალოთ თავი ვალდებულად, ნუ შეგეშინდებათ, რომ არ უერთდებით მათ, ნუ შეგეშინდებათ, რომ მათ გუნდში ვერ მოხვდებით ან ძუნწად ჩაგთვლიან.
ნუ შეგეშინდებათ მასწავლებლის, რომელიც თქვენგან საჩუქარს ელის.
თორემ თქვენ გახდებით ცუდი, ანგარებიანი ტრადიციის გამგრძელებელი მშობელი, გახდებით “კოლექტივის” წევრი, რომელიც სტერეიტიპებით აზროვნებს და იფიქრეთ იმაზე, რომ შეიძლება მასწავლებელს, სულაც არ მოსწონს ძალით საჩუქარი.
თორემ თქვენს შვილებსაც მიაჩვევთ ამ ტრადიციას, მიაჩვევთ სხვებივით აზროვნებას, გაუჩენთ უაზრო ვალდებულებებს და შეუზღუდავთ არჩევანის თავისუფლებას.
წარმოიდგინეთ რამდენს ნიშნავს, როდესაც ბავშვი თავად არჩევს მასწავლებელს, საჩუქარს მასწავლებლისთვის და როცა ეს არაა მატერიალური და ძალით შერჩეული.
ნუ დაუკარგავთ ბავშვებს ინდივიდუალურობას და სხვების გულწრფელად გახარების უნარს.
მადლობა ჩემს მასწავლებლებს და განსაკუთრებით დამრიგებელს, რომ არცერთხელ მათგან არცერთ მოსწავლეს არ გვიგვრძნია, რომ ისინი ჩვენგან, ჩვენი მშობლებისგან რამეს ელოდნენ, არცერთ დღესასწაულზე…
და ხშირად ვფიქრობ ხოლმე, საშინელ 90-იან წლებში, როგორ შეეძლოთ მასწავლებლებს მშობლებისგან ძვირფასი საჩუქრების მიღება, როცა იცოდნენ, რომ ზოგჯერ ოჯახებს ბავშებისთვის რვეულის, წიგნის ან უფრო მნიშვნელოვანი რაღაცეების ყიდვის საშუალება არ ჰქონდათ 🙁
გასაგებია, რომ მაშინ არც მასწავლებლებს ჰქონდათ ხელფასი, მაგრამ მაინც.
ინსპირაცია: 2018 წელი, ჩემი ნაცნობების დიდი ნაწილის ფულის შეგროვების დაორგანიზება მასწავლებლის საჩუქრისთვის.