LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქტიურად ვმსჯელობთ ღამით გადაადგილებაზე არსებული შეზღუდვის შემსუბუქებაზე, საუბარია დროის გადაწევაზე: გაბუნია

88
თამარ გაბუნია

“აქტიური მსჯელობაა ღამით მოძრაობის შედარებით შემსუბუქებაზე, საუბარია დროის გადაწევაზე.” – რეგულაციების ნაწილობრივ შემსუბუქების შესაძლებლობაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე საუბრობს, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ პირბადესთან დაკავშირებული შეზღუდვის შემსუბუქება კარგა ხანს კვლავ ვერ მოხერხდება.

თამარ გაბუნია განმარტავს, რომ პირბადის ტარების საკითხი, ქვეყანაში ვაქცინირებულთა რაოდენობას უკავშრდება:

“აქტიური მსჯელობაა ღამით მოძრაობის შედარებით შემსუბუქებაზე, საუბარია დროის გადაწევაზე. ყველას გვესმის, რომ პიკის პერიოდში ამის რესურსი არ გაგვაჩნია.

პირბადესთან დაკავშირებული შეზღუდვის შემსუბუქებას ჩვენ კიდევ კარგა ხანს ვერ მოვახერხებთ, ეს პირდაპირ უკავშირდება ვაქცინირებულთა რაოდენობას. ჩვენ რაც უნდა ეფექტურად გადავლახოთ პიკის პერიოდი მაისის ბოლომდე, პირბადე თავდაცვის საშუალებაა.” – განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, ქვეყნის მასშტაბით, ღამით გადაადგილებაზე დაწესებული აკრძალვა მეექვსე თვეა მოქმედებს.

ე.წ. “კომენდანტის საათის” გაუქმების მოთხოვნით, სოციალურ ქსელში ვრცელდება პეტიციაც, რომელსაც უკვე  20 000-მდე ხელმომწერი ჰყავს.

როგორც პეტიციის ინიციატორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი გიგი თევზაძე აღნიშნავს, ინიციატივის ავტორები აპირებენ, შეზღუდვის გაუქმების შესახებ დადგენილების პროექტით საქართველოს მთავრობას მიმართონ.

იმისათვის, რომ წინადადების საკანონმდებლო ორგანოში ინიცირება და განხილვა მოხდეს, საჭიროა 25 000 ხელმომწერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები