LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“აქტიურად ვემზადებით მომხმარებლის უფლებების აღსრულების დაწყებისათვის” – ირაკლი ლექვინაძემ პარლამენტში სააგენტოს საქმიანობის ანგარიში წარადგინა

46
ირაკლი ლექვინაძე

2022 წლის 8 სექტემბერს, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უწყების საქმიანობის ანგარიში წარადგინა. სააგენტოს თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა განხორციელებული რეფორმების, მიღებული შედეგებისა და სამომავლო, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

„კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ფუნქციები ფართოვდება, რაც ჩვენი ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციის პროცესთან სრულ თანხვედრაშია. გასული სამი წლის განმავლობაში, განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმები – კონკურენციის აღსრულების პოლიტიკის გაძლიერება და საკანონმდებლო ცვლილებები, ანტიდემპინგის იმპლემენტაცია და მომხმარებლის უფლებების დაცვის აღსრულების დაწყება არის ის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რაზეც უწყება ყოველდღიურ რეჟიმში აქტიურად მუშაობს“ – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

მისივე განმარტებით, საანგარიშო პერიოდში, უწყებამ ფარმაციის ბაზრის მონიტორინგი დაასრულა და კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების, ახალი თამაშის წესების განსაზღვრის მიზნით, 13 რეკომენდაცია გასცა, რომელთა დანერგვა დღეს აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. „შედეგები გვიჩვენებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მომხმარებელს უფრო მეტი არჩევანისა და ბევრად ნაკლები დანახარჯების შესაძლებლობას აძლევს. ასევე, 2022 წელს, საწვავის ბაზრის მონიტორინგის ფარგლებში მიღებული შედეგებისა და პრემიერ-მინისტრის რეკომენდაციის საფუძველზე მოკვლევის პროცესი დავიწყეთ, რამაც საზოგადოების მხრიდან დასმულ მნიშვნელოვან შეკითხვებს პასუხები უნდა გასცეს. კერძოდ, ირღვევა თუ არა კონკურენციის კანონმდებლობა მსხვილი კომპანიების მხრიდან, ზემოქმედებენ თუ არა შეთანხმებულად ფასებზე და რამდენად არის მათი ქცევა კეთილსინდისიერი მომხმარებელთან მიმართებით“ – აღნიშნა სხდომაზე სააგენტოს თავმჯდომარემ.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გააცნო 2021-2022 წლებში, უწყების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და შედეგები. კერძოდ, უწყების მიერ ეკონომიკური აგენტების მიმართულებით გაცემულ იქნა 14 რეკომენდაცია. დასრულდა 6 მოკვლევა და 2 მონიტორინგი. მიმდინარე რეჟიმშია 3 საქმის შესწავლა და 2 მონიტორინგი. ასევე, განხილვის პროცესშია, ბაზრის სხვა მარეგულირებლებთან ერთად 3 ქეისი.

„სააგენტო არის კონკურენციის პოლიტიკის განმსაზღვრელი, განმახორციელებელი ორგანიზაცია და როცა ჩვენ ვსაუბრობთ უწყების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, ვსაუბრობთ კონკრეტულ შედეგებზე, ფაქტებზე დაყრდნობით, რასაც სასამართლო კონტროლ გავლილი ქეისები ამყარებს. დღეის მდგომარეობით, კანონიერ ძალაში შესული 13 სასამართლო გადაწყვეტილებიდან 12 საქმე, სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში, სააგენტოს სასარგებლოდ დასრულდა”, – განაცხადა საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ.

ირაკლი ლექვინაძემ კონცენტრაციების კონტროლის მექანიზმებზე და მიღებულ შედეგებზეც ისაუბრა, რომელიც საჯარო რეესტრის და შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით ყოველკვარტალურად ხორციელდება. მიღებული მონაცემების მიხედვით, 2021-2022 წლებში, ქვეყანაში რეგისტრირებულია 30 546 კონცენტრაცია. აღნიშნულ პერიოდში, თანხმობა გაიცა 7 კონცენტრაციაზე.

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, უწყება დღეს აქტიურად ემზადება მომხმარებლის უფლებების აღსრულების დაწყებისათვის. შეიქმნა შესაბამისი დეპარტამენტი, დამატებულია ცხელი ხაზი, TWINNING-ის პროექტის ფარგლებში – ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების თანამონაწილეობით, იწყება შეხვედრები სამიზნე აუდიტორიასთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები