თბილისში, ფილარმონიასთან დაპირისპირებაა. აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს ქვები და ჯოხები დაუშინეს. პოლიციამ რამდენიმე დემონსტრანტი დააკავა.
ამასთან, აქციის მონაწილეებმა ავტომობილის მინები ჩაამსხვრიეს და ავტომანქანა გადაატრიალეს.
აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან ჯერ კოსტავას, შემდეგ კი მელიქიშვილის გამზირებზე გადაინაცვლეს და ბოლოს ჭავჭავაძის გამზირზე, თსუ-ს პირველი კორპუსის წინ გაჩერდნენ. მოგვიანებით, დემონსტრანტებმა ჭავჭავაძის გამზირზე არსებული გზის ჩამკეტი ბარიერები გამოიყენეს, რათა ვარაზისხევი ჩაეკეტათ. აქციის მონაწილეთა ნაწილი ბარიერებით მეტროსადგურ „რუსთაველისკენ“ მიემართება.
პროტესტი გრძელდება. ოპოზიცია დღეს 19:00 საათზე ისევ რუსთაველზე შეიკრიბება.
„დღეს ვითათბირეთ დილიდან გვექნება თათბირი. ხალხთან ერთად უნდა გადავწყვიტოთ სამოქმედო გეგმა,“-ამბობს გაერთიანებული ოპოზიციის ერთერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგა ბოკერია სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.მისი თქმით, სრული ოპოზიციური სპექტრი იზიარებს სამ მოთხოვნას, კობახიძის გადადგომას, გახარიას გადადგომას და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის სრულად პროპორციული სისტემით ჩანაცვლებას.
“ამ ვითარებაში პოლიტიკური პასუხისმგებლობის გარეშე გამორიცხულია განმუხტვა. ეს აღარ არის მხოლოდ კობახიძის პასუხისმგებლობა. ეს არის გახარიას პასუხისმგებლობაც,”-აცხადებს ბოკერია.