ბათუმში მიმდინარეობს აქცია, რომელზეც სამართალდამცველები და აქციის მონაწილეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
საზოგადოების ნაწილი აჭარის მთავრობის სახლთან რამდენიმე საათის წინ შეიკრიბა.
ისინი მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვენ, აცხადებენ, რომ მასთან სოციალური საკითხების განხილვა სურთ და თორნიკე რიჟვაძის მისამართით სხვადასხვა სიტყვას სკანდირებენ.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ არ ახდენენ მთავრობის სახლის ბლოკირებას და სურთ, როდესაც რიჟვაძე გარეთ გამოვა, მას გაესაუბრონ.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია აქციის რამდენიმე მონაწილის დაკავების შესახებ.
“ფორტუნა” ფაქტის გადასამოწმებლად შსს-ს დაუკავშირდა.
უწყების ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი, პოლიციის დაუმორჩილებლობისა და ხულიგნობის ფაქტზე.