მეგობრებო, აუცილებლად ჩამოდით მუცოში. აქ გული მართლაც განსხვავებულად ძგერს, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ სოფელ მუცოში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, “ფონდ ქართუს” დახმარებით, მუცოში უკვე აღდგენილია 16 კოშკი. პრემიერმინისტრი მოსახლეობას დაპირდა, რომ ყველა მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი უმოკლეს ვადაში განხორციელდება.
“ჩვენი მთავარი მიზანია, რომ თქვენ შეგიქმნათ ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ ოთხივე სეზონი ცხოვრობდეთ თქვენი წინაპრების მიწაზე და თქვენი ეკონომიკური საქმიანობა აქ განავითაროთ. ამ ულამაზეს კუთხეს უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალი აქვს და ჩვენ ერთობლივი ძალებით მოვახდენთ მის რეალიზაციას,” – განაცხადა ბახტაძემ.
პრემიერის ინფორმაციით, ასევე, დაგეგმილია სოფელ ამღას აღდგენა.
„სოფელი ამღა საოცარი ადგილია, რომელიც ფაქტობრივად, აღარ არსებობს. ჩვენი ვალდებულებაა, რომ აღვადგინოთ ამღა. ამას აუცილებლად გავაკეთებთ. მომავალი წლის ბიუჯეტში უკვე გავითვალისწინეთ სარეაბილიტაციო სამუშაოები და 20 ყველაზე მნიშვნელოვანი ნაგებობა ამღაში აღდგება,“ – განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, გუდამაყრის და არხოტის ხეობებს, შატილს და მუცოს მალე ინტერნეტი ექნება. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ასევე იგეგმება მცირე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, რაც ადგილობრივ მცხოვრებლებს ელექტროენერგიის პრობლემას გადაუჭრის.
“ჯერ კიდევ ზვიად გამსახურიდამ, როგორც დიდმა ქართველმა მამულიშვილმა დაინახა ამ უნიკალური ადგილის მნიშვნელობა და სწორედ ის იყო პირველი, რომელმაც დაიწყო მცირე ჰესის მშენებლობა არხოტის ხეობაში და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მისი საქმე. სულ მალე ხეობაში აშენდება მცირე ჰიდროელექტროსადგური, რომელიც ელექტროენერგიით უზრუნველყოფს ყველას. ამ კუთხეს აქვს უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალი. მთავარია, რომ ჩვენ შევქმნათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ადგილობრივ მცხოვრებლებს ჰქონდეთ ყველანაირი წინაპირობა იმისთვის, რომ აქ განავითარონ თავიანთი საცხოვრებელი ადგილები. ყველას გარწმუნებთ, რომ აქ ჩამოვა უზარმაზარი რაოდენობის ტურისტი”, – განაცხადა ბახტაძემ.