რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, მოქალაქეები აქციას მართავენ. აქციის ორგანიზატორებს საკანონმდებლო ორგანოსთან ზუსტად იმდენი ფეხსაცმელი აქვთ მიტანილი, რამდენი ბავშვის სიცოცხლეც უკრაინაში პუტინის აგრესიას შეეწირა.
როგორც აქციის ორგანიზატორმა, პოლიტიკოსმა ირმა ნადირაშვილმა „ფორტუნას“ განუცხადა, აქცია –„პერფორმანსი“ უბრალოდ მოქალაქეებისა და მეგობრების ორგანიზებულია და ფეხსაცმელების კადრი მის შინაარსს ყველაზე უკეთ ასახავს.
„ეს არის აქცია –„პერფორმანსი“, რომელიც პარლამენტის წინ მოვაწყვეთ და აქ არის ზუსტად იმდენი ფეხსაცმელი, რამდენი ბავშვიც უკრაინაში პუტინის აგრესიას შეეწირა. ეს არის მეგობრების მიერ დაანონსებული და გაკეთებული აქცია, უბრალოდ ჩვეულებრივი მოქალაქეების.
როდესაც ხედავ როგორი ჯოჯოხეთი ტრიალებს უკრაინაში, რა თქმა უნდა, შენც გინდა, რომ რამე გააკეთო: ხმამაღლა იყვირო, რომ პუტინი ადამიანებს, მომავალ თაობას კლავს, რასაც ბავშვების სიცოცხლე შეეწირა და მგონია, ეს კადრი ამას ყველაზე კარგად ასახავს.
ეს არ არის აქცია ხალხის მონაწილეობით, ეს არის ფეხსაცმელები და თითოეული ფეხსაცმელი გვაგონებს, რომ ამდენი ბავშვი დაიღუპა.“– უთხრა „ფორტუნას“ ირმა ნადირაშვილმა.
ცნობისთვის, უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებიდან, 24 თებერვლიდან დაღუპულია 145 ბავშვი და დაჭრილია – 222.