აპრილიდან ქართულ ავიაბაზარზე ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია – კერძოდ, უკრაინული Bees Airline შემოვა. ინფორმაციას „ავიანიუსი“ ავრცელებს, რომელიც Bees Airline-ს გენერალურ დირექტორს, ევგენი ხაინადსკის ესაუბრა.
როგორც ხაინადსკიმ განაცხადა, ავიაკომპანია კიევი-თბილისი-კიევის მიმართულებით აპრილის ბოლოდან დაიწყებს რეგულარულ რეისებს და მალევე კიევი-ბათუმი-კიევის რეისებსაც დაამატებს.
„ზაფხულში ჩვენს გეგმებშია რეგულარული რეისები კიევიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით, ასევე განვიხილავთ ფრენებს ოდესიდან. სავარაუდოდ, სხვა ქალაქებსაც მოვიაზრებთ, თუმცა მოცულობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა რეგულაციები იარსებებს საზღვრის კვეთისას“, – განუცხადა „ავიანიუსს“Bees Airline-ს გენერალურმა დირექტორმა.