„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი აცხადებს, რომ არ აპირებს, თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატურა წამოაყენოს.
„ტვ პირველთან“ ინტერვიუში ცისკარიშვილმა უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, რომელმაც 9 ნოემბერს განაცხადა, რომ კეზერაშვილის გეგმაა, ენმ-ის თავმჯდომარე ცისკარიშვილი გახდეს.
“მე არ ვაპირებ კანდიდატურის დაყენებას, ეს ჩემი გადაწყვეტილებაა. ვნახოთ, ვინ გამოიკვეთებიან კანდიდატებად, როგორი კამპანია იქნება. მთავარია, რომ ეს იქნება “ნაციონალური მოძრაობის” შიგნით, პარტიის წევრები, მხარდამჭერები, აქტივისტები იქნებიან ე.წ. დელეგატები, ვინც ხმას აძლევენ თავმჯდომარის არჩევას. პროცესი წავა ძალიან ნორმალურად, კარგად, მშვიდად, დემოკრატიულად. კობახიძისნაირი სუბიექტები როცა ერევიან [საქმეში], მათ ისიც უნდა გაითვალისწინონ, რომ ვის მხარესაც ჩაერევიან, სწორედ იმ მხარეს დააზიანებენ. ქოცები არ ირჩევენ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს”, – განაცხადა ცისკარიშვილმა, რომელმაც არ უპასუხა შეკითხვას, ვის დაუჭერს თავად მხარს.
“ვნახოთ, გამოიკვეთება კონკურენტები, მოვუსმენთ, შევხედავთ, რა პროგრამა აქვთ, რა გეგმები აქვთ, ვინ როგორ აპირებს განახლებას, პარტიის გაძლიერებას, მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში კონკრეტულ მოქმედებებს, აქედან გამომდინარე მეც ერთი ხმა მექნება და შესაბამისად მივიღებ გადაწყვეტილებებს”, – აღნიშნა მან.
ცნობისთვის, დღეს ლევან ხაბეიშვილმაც განაცხადა, რომ კანდიდატურის დაყენებას არც ის აპირებს.
გუშინ, 9 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, რომელიც შეეხება თავმჯდომარეს, პოლიტიკურ საბჭოსა და პოლიტიკურ სამდივნოს.