ანტიდემპინგური კანონის ამოქმედების შემდეგ იმპორტიორები პროდუქციის გაძვირებას პროგნოზირებენ.
კომპანია „ჯი დი ჰოლდინგში“ ამბობენ, რომ კანონის მიღების შემდეგ იმპორტირებულთან ერთად, ფასებს ადგილობრივი კომპანიებიც გაზრდიან. მიზეზად კომპანიში კონკურენციის შეზღუდვას ასახელებენ, რაც მათივე აზრით, ფასების ზრდას გამოიწვევს.
კანონის ამოქმედებას მხარს უჭერს ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენელთა ნაწილი. მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა ”ფორტუნასთან” საუბარში აცხადებს, რომ რამდენიმე ქართული წისქვილკომბინატი ბაზარზე დემპინგური ფასებით შემოსული კომპანიების გამო გაჩერებულია, ნაწილი კი შეფერხებით მუშაობს.
გადასახადის გადამხდელთა კავშირის თავმჯდომარე, ეკონომისტი გიგლა მიქაუტაძე შეზღუდვების დაწესების წინააღმდეგია.
”დეტალურ ანალიზს მას შემდეგ გავაკეთებ, რაც კანონში დასაბუთებას ვნახავ, თუ რატომ იგეგმება შეზღუდვების შემოტანა. დაბალი ფასი დემპინგს არ ნიშნავს, დემპინგი თვითღირებულებაზე დაბალ ფასად გაყიდვაა, კომპანიები კი ასე დიდხანს ვერ იარსებებენ” – განუცხადა მიქაუტაძემ ”ფორტუნას” და აღნიშნა, რომ შესაძლოა, რუსეთის მიერ თურქულ პროდუქციაზე ემბარგოს დაწესებამ ამ პროდუქციის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად გაყიდვა გამოიწვიოს, თუმცა, მისვე თქმით, ეს მხოლოდ დროებითი იქნება.
საქართველოს მთავრობა, რომელმაც ”ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ” კანონპროექტი ევროკავშირის შესაბამის უწყებას გაუგზავნა, პასუხს, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს მიიღებს.