თურქული და რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ დღეს დილით ანთალიაში მოკლეს გავლენიანი „კანონიერი ქურდი“ ნადირ სალიფოვი, რომელსაც კრიმინალურ წრეებში „ლოტი გულის“ სახელით იცნობენ.
პირველადი ცნობით, მას ანთალიის ერთ-ერთ რესტორანში იმ კაცმა ესროლა, ვისთან ერთადაც საუზმობდა. ქილერი ადგილიდან მიიმალა, თუმცა ის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე დააკავეს.
დაკავებული „ხან ახმედლინსკია“, რომელიც კრიმინალური სამყაროს წევრია და ხალიფოვის უახლოესი წრის წარმომადგენელი იყო.
შემთხვევის ადგილზე მყოფებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა ნადირ სალიფოვის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 47 წლის „კანონიერი ქურდი“ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ნადირ სალიფოვი, რომელიც 2018 წელს აზერბაიჯანის ციხიდან მრავალწლიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდა, ბოლო წლებში თურქეთში ცოხვრობდა. ის აზერბაიჯანული კლანის ლიდერი გახლდათ და შაქრო კალაშოვის დაპატიმრების შემდეგ პრეტენზიას აცხადებდა კრიმინალური სამყაროს ერთპიროვნულ ლიდერობაზე.
„კანონიერი ქურდი“ გახლავთ მისი ძმა ნამიკ სალიფოვიც. ძმები წარმოშობით დმანისიდან არიან.
მათ სახელს საქართველოში რამდენიმე კრიმინალური ისტორია უკავშირდება, მათ შორის დმანისსა და გარდაბანში ბიზნესმენებისგან ფულის გამოძალვისა და ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებული რამდნენიმე დაჯგუფების აქტიურობა.
ცნობილია, რომ ნადირ სალიფოვს მწვავე დაპირისპირება ჰქონდა ქართველ „კანონიერ ქურდთან“ გურამ ჩიხლაძესთან (კვეჟოვიჩი).
ამ კონფლიქტის დეტალებს ქართველი და არამარტო ქართველი კრიმინალური „ავტორიტეტები“ რამდენიმე დღის წინ ანთალიაში გამართულ შეკრებაზე განიხილავდნენ. შესაძლოა, სწორედ ამ შეკრების შემდეგ გადაწყდა სალიფოვის ლიკვიდაცია.