LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანრი ჯოხაძის კლიპი ყველა ქართველის სათქმელით – „მთავარი არ არის, ვინ ვისთან დაწვება და ვინ ძუძუს გამოაჩენს…“

861

ანრი ჯოხაძის ახალი კლიპი, რომელიც მან ნიკო გომელაურის ლექსზე შექმნილ სიმღერაზე გადაიღო, კინო „ამირანში“ შეკრებილმა საზოგადოებამ 20 სექტემბერს იხილა. ვიდეორგოლი სამჯერ აჩვენეს, რადგან ხანგრძლივი აპლოდისმენტების ფონზე პუბლიკა მის გამეორებას ითხოვდა. ალბათ, მეოთხედაც გაიმეორებდნენ, თუმცა ანრიმ აღარ ისურვა და ყველას გარეთ მოუხმო.

„ჩემს ქალაქში ყველაფერი მოსულა“, ეს ფრაზა ნიკო გომელაურის ცნობილი ლექსიდან, ალბათ, ყველა ჩვენგანს ახსოვს. მსახიობი და პოეტი აღარ არის, მაგრამ მისი შემოქმედება კვლავ აქტუალურია. მის მეუღლესთან, ქალბატონ ნინა ჩოდრიშვილთან შეთანხმებით, ანრი ჯოხაძემ ცნობილ ლექსზე მელოდია შექმნა და ბოლო ოთხი წელია, ცდილობს დააასრულოს ვიდეორგოლი, რომელშიც 40-მდე ცნობილი სახე გადაიღო, მათ შორის ნუკი კოშკელიშვილი, ქრისტინე იმედაძე, ზუზუ ბეჟაშვილი, რომლისთვისაც ეს ერთ-ერთი ბოლო გადაღება აღმოჩნდა, კესარია აბრამიძე კრისტი ყიფშიძე, ნინი ბადურაშვილი და თაკო გაჩეჩილაძე, რომელთაც სიმღერაში საკუთარი პარტიები აქვთ, ნინო გაჩეჩილაძე და სხვები. ვიდეოროგლის ოპერატორი ცნობილი ფოტოგრაფი, ირაკლი გედენიძე გახლავთ, რომელმაც შვილთან, ვასკასთან ერთად, დიდი სამუშაო გასწია და საინტერესო კადრები გადაიღო, მათ შორის, როგორც თავად გვითხრა, დრონით გადაღებული კადრებიც შედის… „ანრიმ ყოველთვის ზუსტად იცის, რა უნდა. შრომატევადი იყო, მაგრამ რადგან რეჟისორმა ზუსტად იცოდა, როგორი კადრი სჭირდებოდა, ყველაფერი წინასწარ ვიცოდით. რამდენიმე ლოკაციაზე ცოტა უფრო მეტად ვიმუშავეთ, იდეისა და მესიჯების ცოდნის გამო ნამდვილად არ გაგვჭირვებია, ანრი დიდი პროფესიონალია“, გაგვიმხილა ცნობილმა ფოტოგრაფმა.

ვიდეორგოლის ჩვენების დასრულების შემდეგ, რასაკვირველია, დავინტერესდით, როგორ მოეწონა ის ნინა ჩოდრიშვილს და ასევე აზრი ვკითხეთ შოუბიზნესის წარმომადგენლებსაც.

ნინა ჩოდრიშვილი, ნიკო გომელაურის მეუღლე:

გარდა იმისა, რომ ძალიან მიხარია, ნიკომ მიიღო მონაწილეობა ამ პროექტში, მომწონს კონცეფცია, სათქმელი და თქმის სურვილი. რაც მთავარია, კარგად გამოვიდა. გულწრფელად ძალიან მომეწონა… ძალიან მწყინს, რომ ყველაფერი ეს ნიკოს გარეშე ხდება…

ნუკი კოშკელიშვილი:

თქვენ წარმოიდგინეთ, აღარ მახსოვდა, რომ ამ კლიპში ვიყავი გადაღებული (იციის). სულ ვახსენებდი ანრის, როდის იქნება კლიპი-მეთქი. ანრი არის გენიოსი და დიდი პროფესიონალი, რომელთან მუშაობითაც დიდი სიამოვნება მივიღე. სულ მპასუხობდა, რომ ეს სიმღერა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მასზე გადაღებულ კლიპს ასე ადვილად ვერ გამოუშვებდა. ვფიქრობ, ეს სწორი მიდგომა იყო.

მიხარია, რომ ჩემი მეუღლეც დაესწრო ვიდეორგოლის ჩვენებას და შემეძლო მისთვის ამეხსნა, სად რა ჰქონდა ნაგულისხმევი ანრის. ძალიან მაგარი ბიჭია. წარმატებები, ანრი, კიდევ გადაგვიღე, ხასიათზე რომ იქნები. როცა ანრი ხასიათზეა, მაგარ რაღაცებს აკეთებს.

რატი დურგლიშვილი:

ძალიან მომეწონა და ვულოცავ ანრის კიდევ ერთ გამარჯვებასა და წარმატებას. ვისურვებდი, კიდევ გაგვანებივროს ასეთი ლამაზი კლიპებით. ჩემი მეგობრები მონაწილეობენ და ძალიან გამიხარდა მათი ეკრანზე ნახვა. ძალიან შინაარსიანი ვიდეოა და ყველაფერი დავინახე. ანრის ყოველთვის აქვს ხოლმე სათქმელი, საოცრებაა…

საღამოს ბოლოს მთავარმა გმირმა ჩვენთან საუბრისთვის მოიცალა. ანრის ღელვა ინტერვიუს დროსაც ეტყობოდა და მანამდეც, როცა სცენაზე კლიპის წარსადგენად  და მადლობის გადასახდელად ავიდა… როგორც აღნიშნა, ამ პროექტზე დიდხანს იმიტომ მუშაობდა, რომ სურდა, ის საუკეთესო გამოსულიყო.

ანრი, სწორად გავიგეთ შენი სათქმელი? ბრჭყვიალა რაღაცების მიღმა ქვეყანაში უდიდესი პრობლემებია…

ანრი ჯოხაძე:

დიახ, ეს არის ამ კლიპის ფინალური მესიჯი. პრობლემა ის კი არ არის, ვინ ვისთან დაწვება, ვინ გამოაჩენს ძუძუს ეთერში, ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა არის ოკუპაცია. ყოველ დღე თუ არა, ყოველ მეორე დღეს მაინც ამ მთავარ თემაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი. ნიკო გომელაურს ეს ჩემზე მეტად აწუხებდა თავის შემოქმედებაში, ეს ყველგან ჩანს.

რატომ ნერვიულობდი დღეს განსაკუთრებით?

ძალიან ვნერვიულობდი, იმიტომ, რომ ოთხი წელია, ამ სიმღერასა და კლიპზე ვმუშაობ. დღეს ნინა ჩოდრიშვილი აქ იყო და ყველაზე დიდ პასუხისმგებლობას მის წინაშე ვგრძნობ.

როგორი კმაყოფილი ხარ თავად შედეგით?

უკეთესი ყოველთვის შეიძლება, მაგრამ მთავარი ვიდერგოლში აქ არის ის, რომ მაყურებლამდე მესიჯი სწორად მიიტანო. ეს შევძელი. აქ რა ფერის კაბა აცვია პერსონაჟს, აბსოლუტურად არ მაღელვებს. ხელოვანი ადამიანისგან პროტესტია მთავარი, თორემ ყვავილებსა და ვარდებზე ყველა მღერის…

ამ სიმღერაში ანრი ჯოხაძე ვარდებზე ნამდვილად არ მღერის. ის მღერის იმ რეალობაზე, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი. ყოველდღიურად ჩვენი ყურადღების მიღმა, სინამდვილეში მეასეხარისხოვანი თემების გამო, რჩება ის, რაც წესით,  ყველა ქართველის მთავარი საფიქრალი და საზრუნავი უნდა იყოს, დაკარგული ტერიტორიები, რომლებიც მეზობელმა ქვეყანამ მიიტაცა – კლიპის ბოლოს თქვენ ნახავთ გორში დევნილების დასახლებას, მავთულხლართებს და წითლად დაწერილ სიტყვას, რომლის თქმაც ოკუპანტებისთვის ყველა ჩვენგანს სურს!..

ნინო მურღულია

ფოტო: გოგა მოსიაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები