„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდში საპროტესტო აქციას გამართავს. ენმ-ს მხარდამჭერები პარტიის ოფისთან 20:00 საათზე შეიკრიბებიან.
როგორც პარტიის წარმომადგენელი, ანი წითლიძე აცხადებს, დღევანდელ აქციაზე, ორგანიზატორები კონკრეტულ სამოქმედო გეგმას გააჟღერებენ.
„ეს არის აქციები სადაც ჩვენ არ დავიშლებით და ეს აქციები იქნება სისტემატიურად, მანამ სანამ ჩვენი მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება არ იქნება დაკმაყოფილებული. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა იცოდეს, რომ დღეს ჩვენ გავაჟღერებთ კონკრეტულ გეგმას, მაგალითად ზუგდიდში, რას ვაპირებთ და როგორ ვაპირებთ, რომ იყოს წინააღმდეგობის კერა,“ – აღნიშნა ანი წითლიძემ.
აქციას სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები უერთდებიან. დღესვე რუსთავის ციხესთან, 18:00 საათზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი მორიგი აქცია გაიმართება.