LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანი ქავთარაძე: „შევწირეთ ბიზნესი და უამრავი ადამიანის სიცოცხლე, რას?! უმართაობას! უთავბოლობას, ამპარტავნობასა და ბაქიაობას!“

298
aniqavtaradze2021

ექიმი ანი ქავთარაძე, რომელიც სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურია და მის მოსაზრებებს საკმაოდ ბევრი ადამიანი იზიარებს ხოლმე, წერს, რომ საექიმო საქმიანობის გარდა, მას აქვს საკუთარი რესტორანიც და ბიზნესის გადმოსახედიდან ბევრი რამის თქმა შეუძლია. გთავაზობთ მის სტატუსს შეზღუდვებისა და რეგულაციების, ასევე ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის შესახებ, რასაც ექიმი ხაზს უსვამს.

„როგორც მოგეხსნებათ, გარდა იმისა, რომ ვარ მოქმედი ექიმი, ჩემი, ბოლო წლების აქტივობებით, არც თუ ისე მსუბუქად  ვარ ჩართული ბიზნესშიც. ჩემი და ბუკას, ერთობლივი, თავდაუზოგავი შრომის შედეგიც ყველამ იცის, ვინც გვიცნობს – რა, რის ფასად და როგორ! რამდენი ჩავდეთ, ფიზიკურიდან- ფინანსურამდე, ამაზე აღარ დავწვრილმანდები.

გასული წლის მარტის თვეში, მე, როგორც ექიმი და პასუხისმგებლიანი მოქალაქე, აქტიურად ვითხოვდი მთავრობისგან ჩაკეტვებს, არამხოლოდ ბიზნეს-აქტივობების, არამედ საზღვრების და ა.შ. გამოცხადებულზე ადრე დავკეტეთ რესტორანიც, მიუხედავად იმისა, რომ ბევრისგან განსხვავებით, ჯერ კიდევ იანვრის თვიდან, სადეზინფექციო ხსნარები და ნიღბები შევიტანეთ, ავამოქმედეთ დამუშავების გამკაცრებული წესები და ა.შ. ეს ყველაფერი ალბათ იმიტომ, რომ ძალიან კარგად ვიცნობ ამ  ხავსმოკიდებულ სისტემას შიგნიდან, რომელშიც გამოვიზარდე -სტუდენტობის ჩათვლით, ზუსტად 20 წლის სტაჟით. ვამბობდი, ვერ გაუძლებს სხვაგვარად ეს სისტემა-მეთქი და ვერც გაუძლო!

ჰოდა , ჩაკეტვას ვითხოვდი იმ მიზნით, რომ სახელმწიფო გადასულიყო თავდაცვის რეჟიმში,  გაგვეწყვიტა გადაცემათა ჯაჭვი და ქვეყანას ჰქონოდა დრო, მოსამზადებლად -კონტაქტების ძიებისა და იზოლირების,ინფიცირებულთა ნაკადების, ამბულატორიული თუ ჰოსპიტალიზებული პაციენტების მართვის, ასევე, უცხოური გამოცდილების დაგროვების შემდეგ, გაზიარების, მატერიალურ-ტექნიკური ბაზების გაუმჯობესების, პერსონალის აღჭურვის, გადამზადებისა და წრთვნისთვის, სხვადასხვა სცენარის შემუშავებისა და სამოქმედო გეგმების მოსამზადებლად.

ჩვენმა მთავრობამ ჩაგვკეტა, მაგრამ არც ერთი ზემოთჩამოთვლილი  არ განახორციელა! არც ერთი!!!

და რა მოხდა?!

შევწირეთ ბიზნესი და უამრავი ადამიანის სიცოცხლე, რას?! უმართაობას! უთავბოლობას, ამპარტავნობასა და ბაქიაობას!

არავინ არ მითხრას, სხვაგანაც იგივე ხდებოდაო!-  სხვაგან ერთ ქალაქში ცხოვრობს მხოლოდ, მთელი საქართველოს მოსახლეობის ოდენობა, ამიტომ ჩვენ შეგვეძლო ძალიან კარგად, ზედმიწევნით კარგად გვემართა პროცესი და ჩვენი მცირერიცხვოვნობა, ამაში მაინც გამოგვეყენებინა.  ასევე, სხვაგან, კომპენსაციები მოიკითხეთ, თითოეული მოქალაქის და ბიზნესის!

გავიხსენით ივნისში, არ შემოვუშვით ტურისტი ნორმალური ქვეყნებიდან, ვაბოგინეთ რუსები, ბლომ-ბლომად შემოვზიდეთ ვირუსი, “დაკრიშულებმა” იხადეს 500-კაციანი ქორწილები, ამუშავეს სასტუმროები, ზედახორებით, ღამის კლუბები ზღვისპირა ქალაქებში. გამოვიწვიეთ, ვირუსის გავრცელების ესკალაცია და მივედით იქამდე, სადამდეც მივედით.

ავიღეთ, უზარმაზარი საშვილთაშვილო საგარეო ვალი (გვაკლდა ვითომ, რაში დავხარჯეთ, არ ვიცი, ალბათ,” 200 ლარიანებში”).

გაგვხსნეს და ჩვენც გავხსენით რესტორანი (დიდი ხნის ნანატრი და ნაკოწიწები დანაზოგით, მანქანა რომ ჩამოგვივიდა მარტში, ის გავყიდეთ), ავამუშავეთ და  ამ თანხის ბოლო თეთრამდე, ვუხადეთ თანამშრომლებს ხელფასები… ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, ყველა რეგულაციას, სამზარეულოში და მის გარეთ, მთელ პერიმეტრზე, კიდევ უფრო მკაცრად ვიცავდით (ეს ყველაფერი რომ ხარჯი იყო, დამატებით, ცალკე საკითხია, არავის აინტერესებდა, რათქმაუნდა) , სტუმარს უნიღბოდ არ ვუშვებდით, ვაბანავებდით სადეზინფექციოში, ვატარებდით თერმოსკრინინგს, 6 ადამიანზე მეტს არ ვსვამდით მაგიდასთან, წამოწეული არ იყო სკამიდან, რომ მივუთითებდით ნიღბისკენ. დავიკეტეთ…!

არც ერთიჩვენი თანამშრომელი არ დაინფიცირებულა!

ანუ, არსებობდა 2, პარალელური რეალობა, წესის დამცველი და უწესო!

კარგი, ეს მონაკვეთი გავიაროთ… ვეღარაფერს ვცვლით, რა ხდება დღეს?!

იმისთვის, რომ გავიხსნათ და გვქონდეს შემოსავალი, გვჭირდება დროული საზოგადოებრივი იმუნიტეტი, საზოგადოების მომზადება ვაქცინაციისთვის, სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხის დაგეგმარება და მზადყოფნაში მოყვანა. ამის პარალელურად, გახსნის გეგმა, რომელიც დაეყრდნობა კვლავ მეცნიერებას, წინასწარ შემუშავებულ, სხვადასხვა სცენარს, მოდელირებას, როგორიც არსებობს უკვე განვითარებულ ქვეყნებში და ჩვენდა საბედნიეროდ, საქართველოშიც აღმოგვაჩნდა მსგავსი რესურსი.

რა ხდება დღეს?! აბსოლუტურად ქაოტური მდგომარეობა, შიმშილი და შიმშილის პირას მისული მოსახლეობა, გაჩერებული ბიზნესი, რომელსაც ყოველდღიურად თითს უქნევენ, მათ თანამშრომლებს 200 ლარს დაკეტვიდან 3 თვის თავზე, სწორედ ახლა მიაშავებენ, დიახ, მიაშავებენ, რადგან სხვა არაფერი ჰქვია ამ, 200 ლარს. თან იმის პარარეალურად რომ არავის მოუკითხავს, რით ცხოვრობდა ეს ხალხი, უკანასკნელი თვეები.

გაზარდეს კომუნალური გადასახადები – ბიზნესი ისედაც, ყოველთვის ბევრად მეტს იხდიდა,ახლა კიდევ უფრო ბევრს იხდის!

ფაქტობრივად, არაფერი ისმის ვაქცინაციაზე. ველოდებით კოვაქსს, ისე, როგორც სხვა, მაჩანჩალა ქვეყნები ელიან. ამ, ჩამოშლილ ბიზნესებს, არ ვეუბნებით, რა უნდა ქნათ, თავიანთი, დასაქმებულებით- ყველაზე ცოტა 300.000 ადამიანით, რომელთა უკანაც ოჯახები, ბანკები და კრედიტებია!

არ არსებობს სტრატეგია, გეგმა, რაიმე, წერილობითი, ნათელი, რა და როგორ, ვინ და რის მერე?! არც სამედიცინო სექტორისთვის და არც ბიზნესისთვის !

თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, აქვე, გვაქვს რამდენიმე ბობოლა სასტუმრო, თავისი სარესტორნე დარბაზებით, რომლებშიც, ახლაც გრიალებს “ნაღები” საზოგადოება, ქორწილებიც ტარდება, ნათლობებიც, დღეობებიც და ა.შ. უნიღბოდ, ყანწებით, სიმთვრალით, ჩახუტებით და .შ (აქ სრული სტერილურობაა, ინფექციის კონტროლი კი უზადოდ შესაშური)

სამაგიეროდ, ჩემო მეგობრებო, აქეთა, პარალელურ საქართველოში, კვლავ გვაქვს – ჩვენს შვილთაშვილებს აქვთ, მილიარდობით ვალი, ლარში არა, ევროში  და გაჩერებული ბიზნესები, თავზე ჩამოქცეული ნაშრომით და მშიერი თანამშრომლებით<3

…და ძალიან გთხოვთ, სანამ ვინმეს პროტესტის ფორმას დაუწუნებთ, მაგ, აღზევებული და მოგუგუნე საქართველოს, რომელიმე, „ნომრიანი“ მაგიდიდან, საფერავით სავსე ჭიქით ხელში, პროტესტის საკუთარი ფორმები შეიმუშავეთ, ან თუ მაძღარი ხართ,  ის მაინც ასწავლეთ ამ ხალხს, თავი როგორ გადაირჩნოს, როგორ იყვნენ ისინიც  და მათი თანამშრომლებიც ჯანმრთელებიც და  მაძღრებიც, ერთდროულად!

პატივისცემით, ანი ქავთარაძე, ექიმი, ბედკრული საქართველოდან“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები