ექიმი ანი ქავთარაძე სოციალურ ქსელში კოვიდის მართვასთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას აქვეყნებს და წერს:
,,1. სასწრაფოდ გასაწერია ბინაზე ყველა ის პაციენტი, რომლებსაც არ აქვთ ჟანგბადის საჭიროება! (ასეთი ბევრია და ეს ჩვენზე უკეთ ზემოთ იციან). ამისთვის უსწრაფესად არის შესამუშავებელი გაწერის მკაცრი კრიტერიუმები, რის მიხედვითაც, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პაციენტები არ დაიკავებენ ჟანგბადდამოკიდებული და მძიმე პაციენტების ადგილებს.
2. სასწრაფო წესით, შესაქმნელია ჰოსპიტალურ სექტორში არსებული თავისუფალი ადგილების (როგორი და რამდენი ტიპის) ერთიანი ბაზა.
3. სასწრაფო წესით, გადასანაწილებელია პაციენტთა გარკვეული ჯგუფები პირველადი ჯანდაცვის რგოლთან(მათ შორის გაწერილები), რომლებსაც მიეცემათ ასევე მკაცრად გაწერილი პროტოკოლი (ყოველგვარი თვითშემოქმედების – პირველივე დღეს დანიშული ანტიბიოტიკის, ჰორმონის და ა. შ გარეშე) თავის მხრივ, ეს ოჯახის ექიმები მიმაგრებულები იქნებიან ჯგუფის ხელმძღვანელებთან, ასევე ფსიქოთერაპევტებთნ, რომლებთან ერთადაც გადაწყვეტენ, ამა თუ იმ, კონკრეტული პაციენტის კონკრეტულ საკითხს. ეს ხელმძღვანელები კი კოორდინაციაში იქნებიან ერთმანეთთან და 112-თან, საბოლოოდ, ყველა მძიმე და სტაციონარის საჭიროების მქონე პაციენტი გაივლის ფილტრს და მოხვდება საჭიროების ადგილზე.
4. სასწრაფო წესით, ასამუშავებელია ვიდეოზარით კონსულტაციის რეჟიმი, რომლის გამზადებული სისტემაც უკვე არსებობს.
5. ზემოაღნიშულის აწყობის შემდეგ, შესაძლებელია პულსოქსიმეტრების დროებით მოხმარებაში დარიგება. თუნდაც, მოხალისე კურიერების მიერ და ამის რესურსი ნამდვილად არსებობს.
კიდევ არის ნიუანსები, რომლებიც უნდა განიხილოს კვალიფიციური ადამიანების ჯგუფმა, არა 2-მა და 3-მა, ერთპიროვნულად და ამპარტავნულად, თუნდაც ძალიან ჭკვიანმა და გამოცდილმა ადამიანმა. მათ უნდა შეიმუშავონ საბოლოოდ საუკეთესო ვარიანტი. ამ, ჩონჩხის აწყობა არ არის შეუძლებელი მოკლე დროშიც კი.
24/7 რეჟიმში უნდა მუშაობდეს ახლა ადამიანთა ეს ჯგუფი!
ის, რომ ლოჯისტიკა არ არსებობს და შესაბამისად, არც მუშაობს, გასაკვირი არ არის და ამის ნათელი მაგალითი 13 ივნისია, რომელიც შეგვიძლია უნიათობის მიკრომოდელად წარმოვიდგინოთ, სადაც აბსოლუტურად პარტიზანულად მოვაგვარეთ უამრავი საკითხი, ისე, რომ ეს არავის გაუგია.(ამაში ყველა ის ადამიანი დამეთანხმება, ვინც იქ ვმუშაობდით), მაგრამ მაშინ “მიგვიშვეს”.
ახლაც, მიუშვით ის ხალხი, ვისაც შეუძლია, ამ ფსკერისკენ მიმავალი გემიდან უფრო მეტი ადამიანის გადარჩენა, ვიდრე ამ რეჟიმში გადარჩება!
მაშინაც უფრო დიდი კატასტროფების გვეშინოდა, რადგან მაშინვე გაშიშვლდა სისტემა, სადაც ნათლად ჩანდა, რომ ამ ქვეყანაში სიცოცხლე არ არის მთავარი ღირებულება და მასზე მზრუნველიც ძალიან ცოტაა!
საქართველოს მთავრობა
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
#კოვიდ19
#პანდემია”