რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა. აღნიშნულს მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ეხმაურება და აცხადებს, რომ საკითხზე საუბრისას ტერმინ „ანექსიის“ გამოყენება სწორი არ არის, რადგან ადგილი აქვს აგარაკების 49-წლიანი იჯარით გადაცემას და არა ბიჭვინთის ანექსიას.
ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, „ნებისმიერი გადაწყვეტილება, რაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში აფხაზეთისა და ცხინვალის დე – ფაქტო ხელისუფლებების მიერ მიიღება, არის ბათილი, უკანონო და ნულოვანი სამართლებრივი ძალის მატარებელი“.
„ძალიან გთხოვთ, ტერმინებს ნუ აურევთ. ანექსია არ მომხდარა. გადასცეს იჯარით. ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს ოკუპაციასთან, იმიტომ, რომ საქართველოს ტერიტორიები არის ოკუპირებული. რაც უფრო მეტად გადადგამს საქართველო ნაბიჯებს ევროკავშირის და ნატოს წევრობის გზაზე, მით უფრო მეტად გახშირდება რუსეთის მხრიდან და დე ფაქტო მარიონეტული რეჟიმების მხრიდან მსგავსი ტიპის როგორც პროვოკაციები, ასევე განცხადებები.
იმ ვითარებაში, როცა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საქართველოს იურისდიქცია აღდგენილი არ არის, ვაკეთებთ მაქსიმუმს, რისი გაკეთებაც ხელგვეწიფება. ჩვენ ამ შემთხვევაში შეგვიძლია გავაკეთოთ პოლიტიკური განცხადებები, შეფასებები, საერთაშორისო თანამეგობრობას ვითარების შეფასებისკენ და მიღებული გადაწყვეტილებების დაგმობისკენ მოვუწოდოთ.
„დიდი ხანია ვხედავთ, რომ რაც მეტი პროგრესი აქვს საქართველოს და რაც მეტად ვითარდება ქვეყანა, პროვოკაციები მით მეტად ხდება, რაც მიმართულია ქართულ საზოგადოებაში არეულობის, შიშისა და ქაოსის დათესვისკენ, თუმცა ქართულმა სახელმწიფომ აჩვენა, რომ ის არის ძლიერი, ჰყავს ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები და საზოგადოება არის ბრძენი. ჩვენ ამ პროვოკაციებს არ შევუშინდებით და გავაგრძელებთ გზას, რაც საქართველოს კონსტიტუციაში არის ჩაწერილი.
მივაღწევთ ნატოსა და ევროკავშირის წევრობას და მინდა მათ ვუთხრა, რომ საქართველო ტერიტორიულ მთლიანობას აუცილებლად აღიდგენს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
კახა კალაძე ბიჭვინთაზე: „ტერიტორიები გონიერებითა და განათლებით უნდა დავიბრუნოთ“