LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანდრია ჯაღმაიძე: „სოფელ კირბალში ვიღაცამ ქართული დროშა ააფრიალა, რაც გახდა მიზეზი, რომ რუს სამხედროებს უფრო მკაცრი ზომები მიეღოთ და ტაძრის კარები აეჭედათ“

284
Untitled design

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მლეთაში, ლომისის ტაძარში იმყოფებოდა, საიდანაც ფეისბუკლაივით, გუშინ, 25 ოქტომბერს მედიაში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა.

ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, გავრცელებული კადრების გამო საპატრიარქოს კითხვებით მიმართავენ. რაც შეეხება თავად რეპორტაჟს, დეკანოზმა თქვა, რომ
კადრებში ლომისის წმინდა გიორგის ტაძრის ახლოს, ჩანან რუსი სამხედროები, რომლებიც დრონით და რამდენიმეკაციანი შემადგენლობით მოძრაობენ.

ჯაღმაიძის თქმითვე, „მნიშვნელოვანია არ მოხდეს ფაქტების აღრევა და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა“.

„საქმე იმაშია, რომ 2009 წლიდან ეს სასაზღვრო პატრული ამ ტერიტორიაზე ამოდის. კარგად ვიცით, რომ ახალგორის რაიონის ოკუპაციის შემდეგ, პირობითი ე.წ. საზღვარი რუსმა სამხედროებმა ამ ქედზე გაატარეს.

ე.წ. ადმინისტრაციული ზოლი სწორედ წმინდა გიორგის ტაძარსა და მის დამხმარე ნაგებობას შორის გადის, კვირაში ერთხელ ან ორჯერ აქ პატრული ამოდის, მორიგეობა აქვთ, გუშინდელი გავრცელებული კადრებიც ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა.

ერთი უცნაურობა ის იყო, რომ აქ ამოსვლის დროს რუსმა სამხედროებმა დრონი ააფრინეს, თუმცა დრონიც არ არის იშვიათი შემთხვევა – ამ ტერიტორიის დათვალიერება მუდმივად ხდება. ეს არის სასაზღვრო ზოლი და აქ ყოველთვის არის გარკვეული საფრთხეები.

სამწუხარო რეალობაა, რომ ქსნის ხეობა რუს ჯარისკაცებს აქვთ დაკავებული და ეს ტერიტორია დროებით ოკუპირებულია, ჩვენ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის განსაკუთრებული მდგომარეობა, რაც საოკუპაციო ზოლს მიღმა გვესმის ხოლმე – არაერთი რეპორტაჟი გვინახავს და არაერთი ფაქტი დაგვიფიქსირებია, რომ ამ ზოლის ახლო ტერიტორიებიდან ადამიანების გატაცება ხდება.

მნიშვნელოვანია არ მოხდეს ფაქტების აღრევა და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა, რასაც გუშინდელ სიუჟეტში ჰქონდა ადგილი.

რეპორტაჟში საუბარი იყო, რომ ლომისის ტაძრის კარი არის აჭედილი, მოსახლეობა ამბობს, რომ არ შეუძლიათ ტაძარში შესვლა და კადრები გადმოდის მლეთის წმინდა გიორგის ლომისის ტაძარზე და გაუგებარი ხდება, რომელ ტაძარზეა საუბარი, სიუჟეტში ნახსენები არ არის სოფელი კირბალი, სწორედ აქ არის ის ტაძარი.

იმ სოფელშიც შესაძლებელი იყო გადასვლა, ჩვენი მომლოცველები წელსაც იყვნენ გადასულები, მაგრამ იქ ვიღაცამ ქართული დროშა ააფრიალა, რაც გახდა იმის მიზეზი, რომ უფრო მკაცრი ზომები მიეღოთ რუს სამხედროებს, აეჭედათ კარები და შეეზღუდათ იქ შესვლა, ასეთი ტაძრები გორის რაიონში რამდენიმე გვაქვს.

ამიტომ ყოველგვარი დაუფიქრებელი, გაუცნობიერებელი განცხადება, სახელების ადგილების აღრევა და მოვლენების გადანაცვლება, ისედაც დაძაბულ გარემოს საფრთხეს უქმნის“, – თქვა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

 

Posted by Andria Jagmaidze on ხუთშაბათი, 26 ოქტომბერი, 2023

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები