LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანარქია ტურიზმში: ვინ ართმევს შემოსავლებს ქართულ ტუროპერატორებს?

134

შემოსავლები, რომელსაც ქართულ ტუროპერატორებს აღმოსავლეთიდან ჩამოსული ტურისტები ართმევენ და ანარქიული ტურიზმის საფრთხე საქართველოში – ეს ის მნიშვნელოვანი პრობლემებია, რომლებზეც ”ფორტუნას” ტუროპერატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ია თაბაგარი ესაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ძირითადად, არაბული ქვეყნებიდან, ასევე ინდოეთიდან და ირანიდან ჩამოდიან ტურისტული ჯგუფები, რომლებსაც, შემოსავლის თვალსაზრისით, ქვეყანაში ფული არ შემოაქვთ.

”ტურისტების რაოდენობა დიდია, თუმცა შესაბამისი რაოდენობის თანხა არ შემოდის. ეს არის ერთგვარი ანარქიული ტურიზმის მოდელი – ანუ, იქაურ ტურისტებს მოყვებათ თავიანთი გიდი, ასევე ტუროპერატორი. ხშირ შემთხვევაში მათი ტუროპერატორები, რომლებიც არ იხდიან აქ არანაირ გადასახადებს, ჩამოდიაან, ერკვევიან სიტუაციაში და თავიანთ თანამოქალაქეებს თვითონვე უდგენენ და სთავაზობენ ტურებს”, – აღნიშნა თაბაგარმა და დასძინა, რომ ასეთ ვითარებაში ქართული ტუროპერატორები არაკონკურენტულ პირობებში არიან. ისინი კარგავენ პოტენციურ ტურისტებს.

”რაც მთავარია, ამ ეტაპზე არანაირი მექანიზმი არ არსებობს, რომელიც ამ სიტუაციას გააკონტროლებს. ერთი პერიოდი იყო საუბარი, რომ უცხოელ გიდებსაც, რომლებიც საქართველოში ეწევიან საქმიანობას, აეღოთ ლიცენზია. თუმცა, ვფიქრობ, ესეც არ იქნება გამოსავალი, რადგან ლიცენზიის მიღებას ისინი მარტივად შეძლებენ”, – განმარტა ტუროპერატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა.

ია თაბაგარის თქმით, პრობლემის გადაჭრა ქართული ტურიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, გარკვეული რეგულაციების შემუშავებაა საჭირო.

შეგახსენებთ, 2016 წელი ტურიზმის კუთხით საქართველოსთვის რეკორდული იყო, ქვეყანას 6 მილიონზე მეტი ტურისტი ეწვია, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა კი 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები