LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანაკლიის პორტი ტრანსკასპიური დერეფნის პორტებთან ითანამშრომლებს

75

„თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმზე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ტრანსკასპიური დერეფნის პორტებთან ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები გააფორმა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ბაქოს საერთაშორისო სავაჭრო საზღვაო პორტისა და ყაზახეთის პორტ კურიკის წარმომადგენლებთან ხელი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა მოაწერა. ბაქოს პორტის მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა პორტის გენერალურმა დირექტორმა ტალეჰ ზიადოვმა. კურიკის პორტთან თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ყაზახეთის მხრიდან ხელი მოაწერეს პორტის გენერალური დირექტორის მოადგილემ ტალგატ ოსპანოვმა და „სეიმურგ ინვესტის“ გენერალურმა დირექტორმა ისკანდერ აბდულხალიკოვმა.

შეთანხმებები პორტებს შორის ხელს შეუწყობს ტრანს-კასპიური დერეფნის განვითარებას და ანაკლიის პორტის მშენებლობის დასრულებისთანავე ტვირთის გადაზიდვის კონკურენტუნარიან პირობებს შექმნის. უახლოეს მომავალში ანაკლიის პორტი გეგმავს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას რუმინეთის პორტ კონსტანცას ნავსადგურთანაც.

ღრმაწყლოვანი პორტის, ქალაქ ანაკლიისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის პროექტებს აქტიურად განიხილავენ „თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმზე, რომელიც 28-29 ნოემბერს იმართება. ანაკლია ფორუმის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი და სპონსორია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები