LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანაკლიის პორტი – კითხვის ნიშნები ყველაზე მასშტაბურ პროექტზე: რას იტყვიან ინვესტორები?

340
ანაკლია პორტი- ს

„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ ფულის გათეთრების საკითხთან დაკაშირებით, გაჟღერებული უმძიმესი ბრალდებების შემდეგ, გაჩნდა კითხვები, რა ბედი ელის საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური პროექტის განხორციელებას. უკვე დაიწყო საუბარი იმაზე, რომ „თიბისი ბანკის“ გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა შესაძლოა იმ ინვესტორებს, რომლებსაც ანაკლიის პორტის მშენებლობის დაფინანსება თითქმის გადაწყვეტილი ჰქონდათ, ინვესტიციების ჩადებაზე უარი ათქმევინოს.

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ აშენებს. საქართველოს მთავრობასთან შესაბამისი ხელშეკრულება 2016 წლის ოქტომბერში გაფორმდა. კონსორციუმში შედიან: TBC Holding-ი (საქართველო), Conti International-ი (აშშ), SSA Marine-ი (აშშ), British Wondernet Expres-ი (ცენტრალური აზია) და G-Star Ltd-ი (ბულგარეთი). პორტის მშენებლობის პირველი ფაზისთვის 600 მილიონი დოლარია საჭირო. ეს ფული მსოფლიოს წამყვანმა საფინანსო ინსტიტუტებმა უნდა გამოყონ. შეთანხმება მიღწეულია, მაგრამ “TBC ბანკთან” დაკავშირებულმა პროცესებმა შესაძლოა პროცესები შეცვალოს, რადგან „თიბისი ჰოლდინგი“, რომლის ჯგუფის შემადგენლობაშიც „თიბისი ბანკი“ შედის, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი, ძირითადი პარტნიორი და პროექტების დეველოპერია.

„თიბისი ბანკის“ გარშემო მიმდინარე პროცესების დაკავშირება ანაკლიის პორტის მშენებლობასთან პოლიტიკურ სპეკულაციებად მიაჩნიათ მმართველ გუნდში. პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ერთ-ერთი მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა მმართველი გუნდის ინიციატივა იყო, მისი მშენებლობა ქვეყნის ინტერესებში შედის და შესაბამისად, პროექტს საფრთხე არ ემუქრება.

„მინდა, ყველას შევახსენო, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი გახლავთ ინიციატორი ამ უმნიშვნელოვანესი იდეის. ჩვენ ყველა ფინანსურ ინსტიტუტთან, როგორც მთავრობა, აქტიურად ვმონაწილეობთ, რომ რაც შეიძლება დროულად მოხდეს ფორმირება და დაიწყოს დაფინანსება საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების მხრიდან. ამის პოლიტიკურ სპეკულაციებში გადატანა სრული უპასუხისმგებლობა გახლავთ. საქართველოს სჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი და საქართველოს ის აუცილებლად ექნება,“  განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

თუმცა, მმართველი გუნდისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ საექსპერტო წრეებში. ის, რომ „თიბისი ბანკის“ გარშემო განვითარებული პროცესები, ცალსახად შემაფერხებელი ფაქტორი იქნება პორტის მშენებლობისთვის, ამას ადასტურებს „ანაკლია სითის“ ფინანსური დირექტორი გიორგი ჩუგოშვილიც. მისი თქმით, ამ პროექტის განხორციელება ქვეყნისთვის, როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანია.

„ეს პროცესები, რა თქმა უნდა, არ იქნება ხელისშემწყობი ანაკლიის პროექტისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბოლოში გვყავდა მიყვანილი მოლაპარაკებები ბანკებთან და ფინანსურ ინსტიტუტებთან მთლიანად დაფინანსების დახურვასთან დაკავშირებით. ეს მოცემულობა ხელს არ უწყობს პროექტს და ცალსახად შემაფერხებელი ფაქტორია. ამ პროექტის განხორციელება საქართველოს ინტერესებში შედის. ეს იქნება ძალიან დიდი ბიძგი, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად და უსაფრთხოების თვალსაზრისითაც. ეს პროექტი ძალიან დიდ სარგებელს მოუტანს თითოეულ მოქალაქეს. უნდა შეიქმნას ათასობით სამუშაო ადგილი, უშუალოდ პორტშიც უამრავი ადამიანი იქნება დასაქმებული,“ – განაცხადა „ანაკლია სითის“ ფინანსურმა დირექტორმა, გიორგი ჩუგოშვილმა რადიო „ფორტუნასთან“ საუბარში.

ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პროექტად მიიჩნევს ანაკლიის პორტის მშენებლობას ეკონომისტი აკაკი ცომაია. მისი თქმით, ეს პროექტი საქართველოს ერთგვარად ჰაბის ფუნქციას შესძენს და ჩინეთის აბრეშუმის გზის დამაკავშირებელ ერთ-ერთ საკვანძო მონაკვეთად აქცევს. მისივე თქმით, პროექტის განხორციელება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შეძლებს მამუკა ხაზარაძე დაიცვას ეს პროექტი.

„ანაკლიის პორტი არის მთლიანად მამუკა ხაზარაძის დამსახურება. კაპიტალი, რომლის მოგროვებაც მოხერხდა ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის, მამუკა ხაზარაძის მიერ მოძიებული კაპიტალია და ამ კაპიტალის მესაკუთრეები „თიბისი ბანკის“ ძირითადი აქციონერები არიან. წარმოიდგინეთ, რომ მამუკა ხაზარაძეს ედავებიან ფულის გათეთრების საკითხში, ბუნებრივია, რომ ეს როგორც პარტნიორის რეპუტაციაზე, აქციონერების თვალში ახდენს ძალზე უარყოფით გავლენას. ეს არის ძალიან სერიოზული ბრალდება, ბიზნესში ამაზე დამღუპველი ბრალდება ფაქტობრივად არ არსებობს. ეს აქციონერები, რომლებიც სერიოზული აქციონერები არიან და მათ მხარს ამერიკის მთავრობა უჭერს, ასევე ისინი მსოფლიოში ცნობილი და მსხვილი კორპორაციები არიან, შესაბამისად, ასეთი ბრალდების შემდეგ, ანაკლიის პორტის დაფინანსების საკითხი საფრთხის ქვეშ დგება. არადა ეს არის უაღრესად მსხვილმასშტაბიანი პროექტი, რომელიც საქართველოს სძენს ერთგვარ ჰაბის ფუნქციას, ასევე ჩინეთის აბრეშუმის გზის დამაკავშირებელ ერთ-ერთ საკვანძო მონაკვეთად ხდის ქვეყანას. ახლა ანაკლიის პორტის მშენებლობა განხორციელდება თუ არა და ასევე, განხორციელდება თუ არა იმ ფორმით, როგორც არის ეს დაგეგმილი საერთშორისო მხარდაჭერით, დამოკიდებულია, მარტივად რომ ვთქვათ, ცვლადზე, რამდენად კერკეტი კაკალი გამოდგება მამუკა ხაზარაძე, ანუ რამდენად შეძლებს ის, რომ დაიცვას ეს პროექტი და მეორე, რამდენად მოახერხებს ბიძინა ივანიშვილი ამის ხელში ჩაგდებას,“ – განაცხადა ეკონომისტმა აკაკი ცომაიამ რადიო „ფორტუნასთან“ საუბარში.

როგორც ეკონომისტმა ზვიად ხორგუაშვილმა  რადიო „ფორტუნას“ უთხრა, ხელისუფლების ის მიდგომები, რომელსაც ის „თიბისი ბანკის“ მიმართ იყენებს, აუცილებლად დააზარალებს ანაკლიის პორტის პროექტს, რადგან უცხოელი ინვესტორები უარს იტყვიან ფულის ჩადებაზე იმ ქვეყანაში და პროექტში, რომელშიც გაურკვეველი და დაულაგებელი სიტუაციაა.

„თიბისი ბანკის“ ყოფილი მფლობელების განცხადებით, მთავრობა პირდაპირ ებრძვის მათ და თურმე მუქარის წერილები მიიღეს. ეს პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ბიზნესსა და ინვესტიციებზე საქართველოში ზეწოლაა მთავრობის მხრიდან, რაც რა თქმა უნდა, ნებისმიერი ტიპის ინვესტიციას უკვე ეჭვქვეშ აყენებს ან რისკებს ზრდის. ანუ, 100% დარწმუნებით ვერ ვიტყვით, რომ აუცილებლად ანაკლიის პროექტი დასრულდება ან კრახს განიცდის, მაგრამ პრობლემა ზუსტად ის არის, რომ ინვესტორები უყურებენ ზუსტად იმას, რამდენად რისკიანია ესა თუ ის  ქვეყანა, ესა თუ ის ადგილი, ესა თუ ის პროექტი და რისკიანობამ რომ მოიმატა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ამავე დროს, დამთხვევაა თუ მიზანმიმართული ქმედება, ამას ვერავინ გაიგებს, მაგრამ კიდევ განვმეორდები, რომ რისკები იზრდება, ვინაიდან ეს მოვლენები მოყვა რუსეთის მხრიდან განცხადებებს, ასევე ეს მოვლენები მოყვა წინა პრემიერმინისტრის ცვლილებას და ა.შ. ეს პროექტი საქართველოსთვის საკმაოდ დიდი ინვესტიციაა და ამავე დროს, საქართველოს იმიჯისთვის ძალიან დამაზარალებელი იქნება, თუ მსგავს პროექტს საფრთხე შეექმნება,“ – აღნიშნა ზვიად ხორგუაშვილმა რადიო „ფორტუნასთან“ საუბარში.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება 9 ფაზად არის დაგეგმილი. ინვესტიციის საერთო რაოდენობა კი, 2.5 მილიარდ დოლარს შეადგენს. პორტის სიღრმე 16 მეტრი იქნება, რაც საშუალებას მისცემს მას, მიიღოს 10 000 კონტეინერიანი (TEU) გემები. იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ისტორიში ყველაზე მასშტაბური პროექტის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის დაფინანსებაზე უცხოელი პარტნიორები შექმნილი ვითარების გამო უარს არ იტყვიან, კონტრაქტის მიხედვით პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება და გახსნა 2020 წლის ბოლოს მოხდება.