ანაკლიის პორტის მშენებლობა ახალ ეტაპზე გადადის. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ინფორმაციით, 2018 წლის აგვისტოში ანაკლიაში საქართველოსთვის უპრეცედენტო მასშტაბის და საინჟინრო გადაწყვეტის საზღვაო სამუშაოები დაიწყება.
ნავსადგურის საზღვაო სამუშაოებს მსოფლიოში წამყვანი ჰოლანდიური კომპანია Van Oord-იგანახორციელებს, რომელიც ანაკლიის პორტის აქციონერიც ხდება.
კონსორციუმის ინფორმაციით, უახლოესი ერთი თვის განმავლობაში, ანაკლიის საზღვაო აკვატორიაში შემოვა უახლოესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი, Van Oord -ის მფლობელობაში მყოფი გემი „ათენა“, რომელიც ზღვის ფსკერის დაღრმავებისადა რეკლამაციის სამუშაოებს შეასრულებს. იგეგმება ზღვიდან 5 მილიონ კუბურ მეტრამდე ქვიშის ამოღება და ნაპირზე განთავსება და ფსკერის დაღრმავება.
„ეს ისტორიული მომენტია, რადგან მსგავსი ტიპის საზღვაო სამუშაოები თავისი მოცულობით და საინჟინრო გადაწყვეტილებებით საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა. მოხარული ვართ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას ამ მნიშვნელოვან ეტაპზე მსოფლიოს წამყვანი საზღვაო საინჟინრო კომპანია უერთდება“, – განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სამშენებლო გუნდის დირექტორმა, რონი სოლბერგმა.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშოები 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. უკვე დასკვნით ეტაპზეა ნავსადგურის ადრეული სახმელეთო სამუშაოები. აშენდა 2.5 კმ-მდე სამელიორაციო არხი, მილხიდები, წყალსაქაჩი სადგური. დასრულდა 110 ჰექტარზე ნაყოფიერი (ჰუმუსოვანი) ფენის მოხსნა; სამშენებლო არეალის ნარჩენებისგან, მათ შორის, შენობა-ნაგებობებისგან და სახიფათო ნარჩენებისგან გათავისუფლება. საზღვაო აკვატორიის გასუფთავების მიზნით, ზღვის ფსკერიდან ამოღებული იქნა 550 ერთეული ტეტრაპოდი და ტერიტორია საზღვაო სამუშაოების დასაწყებად მომზადდა.
ანაკლიის პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება და ოპერირების დაწყება 2020 წლის მეორე ნახევარში იგეგმება.