27-28 ივნისს „ანაკლია სითის“ გუნდი, აღმასრულებელი დირექტორის, ქეთევან ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით, საქმიანი ვიზიტით ჰონგ-კონგში გაემგზავრება, სადაც სხვადასხვა საერთაშორისო და პარტნიორ კომპანიასთან შეხვედრებს გამართავს.
როგორც „ფორტუნას“ „ანაკლია სითიდან“ აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია „ანაკლია სითისა“ და კომპანიებს „China merchants” და “Kerry logistics“-ის წარმომადგენლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა.
მათივე ინფორმაციით, ქეთევან ბოჭორიშვილი მონაწილეობას მიიღებს ასევე ჰონგ კონგში გამართულ გლობალურ კონფერენციაში „Belt and Road Summit”. როგორც კონფერენციის სპიკერი, ბოჭორიშვილი ჩინელ და საერთაშორისო ინვესტორებს ღრმაწყლოვანი პორტის, ქალაქ ანაკლიისა და ეკონომიკური ზონის პროექტებს წარუდგენს. სამიტზე 3000 -მდე დელეგატი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის, ინიციატივა „სარტყელისა და გზის“ მონაწილე ქვეყნების სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები და საერთაშორისო ინვესტორები. Belt and Road Summit ორიენტირებულია ინიციატივის მონაწილე ქვეყნების ბიზნესშესაძლებლობებისა და აზიის რეგიონში ინვესტიციების ხელშეწყობაზე.
აღნიშნული კონფერენციის ფარგლებში, ხელი მოეწერება საქართველოსა და ჰონგ კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას. ამასთანავე, ღონისძიების სპეციალური ფოკუსი საქართველოს ბიზნესშესაძლებლობებია.
აღსანიშნავია, რომ „ანაკლია სითი“ შეხვედრებს გამართავს ანაკლიის პროექტით დაინტერესებულ ინვესტორებთან, მათ შორის China Merchants Group-ის მენეჯმენტთან, ვისთანაც „ანაკლია სითის“ გუნდი სამომავლო თანამშრომლობასა და კორპორაციის ინტერესს განიხილავს. „სარტყელი და გზის ინიციატივის“ მონაწილე China Merchants Group 20 ქვეყნის 53 პორტში ოპერირებს და ქმნის პორტების, ლოგისტიკის, ფინანსურსა და ინდუსტრიული პარკების გლობალურ ქსელს. შეხვედრა შედგება Hong Kong International Arbitration Center-ის წარმომადგენლებთანაც, სადაც ქალაქ ანაკლიის წარმომადგენლები პოტენციური თანაშროლობა და გამოცდილების გაზიარებას განიხილავენ.
Kerry Logistics-ი, რომელთანაც „ანაკლია სითი“ მემორანდუმს მოაწერს ხელს, აზიის რეგიონში სატრანსპორტო და ლოგისტიკური სერვისების ერთ-ერთი წამყვანი კომპანია და აბრეშუმის გზის ინიციატივის აქტიური მოთამაშეა.