„ანაკლია სითი“ კორეულ კომპანია „პანტოს ლოგისტიკთან“ თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს. „ანაკლია დეველოპმენტის”ინფორმაციით, მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო სატრანსპორტო და ლოგისტიკური კომპანიის „პანტოს ლოგისტიკის“ წარმომადგენელები საქართველოში ჩამოდიან. კომპანია „ანაკლია სითისთან“ მოლაპარაკებების შემდეგ თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს და ანაკლიის პროექტის, საქართველოსა და რეგიონის შესაძლებლობების შესწავლას დაიწყებს.
ხელმოწერა დღეს, 11:00 საათზე, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა“ და „ანაკლია სითის“ წარმომადგენლების სატრანსპორტო სექტორთან შეხვედრის ღონისძიებაზე შედგება. ღონისძიებაზე პროექტის ხელმძღვანელები დეტალურად ისაუბრებენ პორტისა და ანაკლიის ეკონომიკური ზონის პროგრესზე და შესაძლებლობებზე. შეხვედრა სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში გაიმართება.
„პანტოს ლოგისტიკი“ სამხრეთ კორეული კომპანიაა, რომელიც მთელს მსოფლიოში, სარკინიგზო, საჰაერო, საზღვაო გადაზიდვების მიმართულებით მუშობს. ორგანიზაცია მსოფლიოს მასშტაბით 2500 კომპანიასთან თანამშრომლობს და განსაკუთრებით აქტიურად ევროპასა და აზიას შორის გადაზიდვებშია ჩართული. წარმომადგენლობა მსოფლიოს 349 გლობალურ ქსელთან ურთიერთობს.
„მოხარულნი ვართ, რომ „ანაკლია სითის“ გუნდის ვიზიტის შედეგად, „პანტოს ლოგისტიკი“ დაინტერესდა და რეგიონის და საქართველოს ბაზრის შესასწავლად უკვე მათი წარმომადგენლები ჩამოდიან. ამ კომპანიის შემოსვლა საქართველოში არა მხოლოდ ანაკლიის განვითარებისთვის, არამედ მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის და რეგიონისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ეს ასევე გამოიწვევს დამატებით სხვა კორეულ და საერთაშორისო კომპანიების დაინტერესებას. ჩვენ კვლავ განვაგრძობთ აქტიურ მუშაობას, რომ დავაინტერესოთ მულტინაციონალური კომპანიები საქართველოში რეგიონული წარმომადგენლობების გასახსნელად. უახლოეს მომავალში ჩვენ სხვა მსხვილ ლოგისტიკურ და მწარმოებელ კომპანიებთანაც გავაფორმებთ თანამრშრომლობის ხელშკრულებებს, ჩვენი მიზანია მათ დაიწყონ აქტიურად ჩვენი ქვეყნის და პროექტის პოტენციალის შესწავლა“, – განაცხადა „ანაკლია სითის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ბოჭორიშვილმა.
საქართველოსა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შესაძლებლობებით „პანტოს ლოგისტიკი“ კორეაში „ანაკლია სითის“ წარმომადგენლების ვიზიტის შემდეგ დაინტერესდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს დახმარებით, 2017 წლის სექტემბერში ქალაქ ანაკლიის პროექტის გუნდი კორეის რესპუბლიკას სტუმრობდა და კომპანიებთან მოლაპარაკებები გამართა.