“ანაკლია სითიმ“ და აზიაში ყველაზე მსხვილმა ლოგისტიკურმა კომპანია Kerry Logistics-მა სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს.
როგორც “ფორტუნას“ კომპანიიდან აცნობეს, შეთანხმება ითვალისწინებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარებისთვის თანამშრომლობას, რომელშიც აზიის ბაზრის ლიდერი Kerry Logistics და მისი წევრი კომპანიები აქტიურ მონაწილეობას გეგმავენ.
მათივე ცნობით, Kerry Logistics ლოგისტიკური მომსახურების ყველაზე მძლავრი ქსელის მმართველია დღეს აზიაში და მსოფლიოს 55 ქვეყანასა და ლოკაციაზე 1000-ზე მეტ მომსახურების პუნქტს ფლობს. აბრეშუმის გზის ინიციატივა „სარტყელი და გზის“ ფარგლებში, ის საკუთარ ქსელს ევრაზიის კონტინენტზეც აფართოებს. კორპორაციის წევრი კომპანია Globalink, რომელსაც დსთ-ს ქვეყნების ბაზარზე მოქმედების 20-წლიანი გამოცდილება აქვს, უკვე მუშაობს საქართველოსა და კავკასიის რეგიონში.
ხელმოწერის დოკუმენტი გაფორმდა „ანაკლია სითისა“ და Kerry Logistics-ის წევრ კომპანიას Globalink-ს შორის, რომლის კავკასიაში მუშაობის გამოცდილებაც მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება, ანაკლიაში ლოგისტურ ასპექტსა და მულტიმოდალური გადაზიდვების მიმართულებით თანამშრომლობისთვის.
“ჩვენთვის დიდი პატივია, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, მონაწილეობა მივიღოთ ამ საინტერესო პროექტში. ანაკლია კავკასიის რეგიონში ტვირთების ძირითადი გამშვები კარიბჭეა. კომპანია „გლობალინქის“ საქართველოს ბაზარზე მოღვაწეობის გამოცდილების და ევრაზიაში ჩვენი ფართო მულტიმოდალური გადაზიდვების ქსელის გათვალისწინებით, ვგეგმავთ, ანაკლიის პორტს შევთავაზოთ ლოგისტიკურ, საზღვაო-სარკინიგზო და საზღვაო-სახმელეთო მომსახურებაში ინოვაციური გადაწყვეტილებები, რაც თავის წვლილს შეიტანს პროექტის რეგიონში წარმატებულ ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბებაში“, – განაცხადა კომპანია „ქერი ლოგისტიქსის“ ჩინეთისა და ჩრდილოეთი აზიის მიმართულების მმართველმა დირექტორმა, ედვარდო ერნიმ.
“მოხარული ვართ, ვითანამშრომლოთ კომპანია “ქერი გლობალინქთან“, რომელიც კარგად იცნობს კავკასიის რეგიონსა და ცენტრალურ აზიას და აქვს ამ რეგიონებში მოღვაწეობის გამოცდილება. ანაკლიის პორტისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის პროექტების განხორციელება გულისხმობს თანამედროვე ლოგისტიკურ ქსელს, სავაჭრო და ბიზნესპლატფორმას, რომელიც შეასრულებს საკვანძო როლს საქართველოს გარე სამყაროსთან დაკავშირებისთვის. „შუა დერეფნის“ გათვალისწინებით, იგი მდებარეობს უმოკლეს მარშრუტზე ჩინეთ-ევროპასა და ინდოეთ-ევროპას შორის. ანაკლიის პროექტების განხორციელება გზას გაუხსნის 150-მილიონიან ბაზარს და აზია-ევროპის დამაკავშირებელი ხიდის ფუნქციას შეასრულებს“, – განაცხადა სს „ანაკლია სითის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთი ბოჭორიშვილმა.
ცნობისთვის, 2018 წლის 28 ივნისს ჰონგ-კონგმა და საქართველომ ხელი მოაწერეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება მოიცავს ვაჭრობის, დაბანდებების, დავების გადაჭრის მექანიზმს და სხვა საკითხებს.
ანაკლია სტრატეგიულადაა განლაგებული ჩინეთ-ევროპის დამაკავშირებელ უმოკლეს სავაჭრო გზაზე. იგი წარმოადგენს ტვირთის გადაზიდვისთვის საკვანძო პუნქტს ზღვაზე გასასვლელის არმქონე ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნებისთვის. სპეციალური ეკონომიკური ზონა და ანაკლიის პორტი, რომლის ამოქმედება 2020 წლის ბოლოსთვის იგეგმება, ითვალისწინებს თანამედროვე ლოგისტიკურ და ინდუსტრიულ პარკებს, რომლებიც ინტეგრირებული იქნება საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების სარკინიგზო და საგზაო ინფრასტრუქტურაში.