მოუწესრიგებელი ბულვარი, ტურისტული სეზონის დაწყების პარალელურად დაწყებული სამშენებლო სამუშაოები, მტვერი, ხმაური, – ეს იმ პრობლემების მცირე ჩამონათვალია, რომლებზეც ანაკლიაში მდებარე განთავსების ობიექტების მფლობელები ყურადღებას ამახვილებენ.
ისინი „ბიზნესპარტნიორთან“ ამბობენ, რომ ტურისტული სეზონის მიუხედავად, ანაკლია დამსვენებლებისგან დაცლილია და მოლოდინიც ნეგატიურია.
„პანდემიის პერიოდში არ დავხურულვართ, შემცირებული ფასებით, სიტუაციის შესაბამისად ვიმუშავეთ. რაც შეეხება მიმდინარე სეზონს – მყავდა უცხოელი სტუმრები, მათ შორის, უკრაინიდან, გერმანიიდან, თუმცა, იმის შემდეგ რაც ნახეს, თუ რა ხდება ბულვარზე, სადაც სატვირთო მანქანები იწყებენ დილის 08:00 საათიდან მუშაობას, უარი თქვეს ჩვენთან დასვენებაზე და ანაკლია დატოვეს“, – ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ საოჯახო სასტუმრო „თეთრი სახლი ანაკლიაში“ მფლობელი მარინა თოდუა აცხადებს.
მისივე განმარტებით, დღეს ბულვარზე გასვლა შეუძლებელია, ხმაური და მტვერი ერთდროულადაა.