LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა ტყებუჩავა: „ვერ ვგრძნობ, რომ 40 წელი ერთგვარი ზღვარია ჩემს ცხოვრებაში, თავი 25 წლისა მგონია. ბებია რომ გავხდები, ალბათ უფრო ვიგრძნობ ასაკს…“

267
ანა ტყებუჩავა

მსახიობი ანა ტყებუჩავა ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრება საკუთარი თავის მოვლის ოქროს წესებსა და ჰარმონიაზე, რომელიც საკუთარ თავთან იპოვა.

როგორია თავის მოვლის თქვენეული ოქროს წესები?

ვვარჯიშობ და 40 წლის ასაკში ჩემს თავს კიდევ ერთი საჩუქარი გავუკეთე – სიგარეტს დავანებე თავი. სამი ოქროს წესი მაქვს: წყალი აუცილებლად უნდა მივიღოთ მთელი დღის განმავლობაში; არასოდეს უნდა დავიძინოთ მაკიაჟით და ძილის წინ სახე ყოველთვის სპეციალური საშუალებებით დავიბანოთ; არასდროს წავისვათ ნაჩუქარი კრემები ცნობისმოყვარეობის მიზნით, თუ კარგად არ გავერკვევით, რამდენად მიესადაგება ჩვენი კანის სტრუქტურას.

კანი, გარდა იმისა, რომ ჩვენი ჯანმრთელობის სარკეა, ვიზუალიცაა, ამიტომ ყოველთვის განსაკუთრებულ დაცვას მოითხოვს. დღეს ძალიან ტრენდულია სამი რამ – სახის დაბანა, დატენიანება და მზისგან დამცავი საშუალებების წასმა, რათა კანმა დიდხანს შეინარჩუნოს თავისი სტრუქტურა.

ჩანს, რომ ძალიან ჰარმონიულად ხართ საკუთარ თავთან. ყოველთვის ასე იყავით თუ ეს წლებმა მოიტანა?

ჩემთვის სასურველია, მქონდეს ის წონა, რომელიც ამა თუ იმ ასაკში მისაღებია. როცა სასურველ წონაზე ვარ, მაშინ ჩემს გარეგნობაში ყველაფერი თავისთავად ლაგდება. როგორც კი ვიმატებ, ბევრი რამის სურვილი მეკარგება ცხოვრებაში.

საბედნიეროდ, წონის პრობლემა მხოლოდ ორსულობების შემდგომ პერიოდებში მქონდა. პირველი ბავშვი რომ გავაჩინე, მეათე დღეს გავედი გადასაღებ მოედანზე და ძლივს დავდიოდი, რადგან თან საკეისრო გავიკეთე და თან დიდი წონა მქონდა. სანამ სასურველ ფორმაში არ ჩავდექი, გადაღებების გარდა არსად დავდიოდი, არც მეგობრებთან მინდოდა შეხვედრა, რის გამოც ალბათ ბევრი გავანაწყენე.

40 წლის ასაკში თქვენს ცხოვრებას რა ფორმა და შინაარსი აქვს?

სხვათა შორის, ვერ ვგრძნობ, რომ 40 წელი ერთგვარი ზღვარია ჩემს ცხოვრებაში, თავი 25 წლისა მგონია. ბებია რომ გავხდები, ალბათ უფრო ვიგრძნობ ასაკს. არასოდეს მიფიქრია, როგორი ვიქნებოდი 40 წლის ასაკში. ერთი კი ვიცი, რასაც დღევანდლამდე მივაღწიე, ეს საკუთარი შრომის, მეგობრებისა და ოჯახის წევრების მხარდაჭერით შევძელი. ხშირად კარიერაში რაღაცაზე უარი მითქვამს, მაგრამ მეგობრებს შემოვუტრიალებივარ და აზრი შემიცვლია. ჩემთვის ყოველთვის აქვს მნიშვნელობა, რას შევქმნი და როგორი მეთოდებით. ყველაფერში ძალიან დიდ შრომას ვდებ და სამყაროსგანაც მიბრუნდება სიყვარული და დაფასება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები