LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა ნაცვლიშვილი: შემაშფოთებელია ინფორმაცია, რომ თითქოს შანაე ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული ერთხელ უკვე იყო შემჩნეული ძალადობაში და მაშინ მის მიმართ მართლმსაჯულება არ განხორციელდა

102
ანა ნაცვლიშვილი

„შემაშფოთებელია ინფორმაცია, რომ თითქოს შანაე ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული ერთხელ უკვე იყო შემჩნეული ძალადობაში და მაშინ მის მიმართ მართლმსაჯულება არ განხორციელდა,“ – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებს უთხრა, ეს ცალკე გამოძიებას და რეაგირებას საჭიროებს. აღნიშნული განცხადებით ნაცვლიშვილი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად შანაე ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული „ქართული ოცნების“ წევრია.

„რთულია პარტიამ აკონტროლოს მის წევრთა ქცევა, თუმცა, “ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც დიდი ხანია მხილებულია კრიმინალთან თანამშრომლობაში და ურთიერთხელსაყრელ გარიგებებში,“ – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

დეპუტატის შეფასებით, ბრალდებულის პარტიული კუთვნილება მართლმსაჯულების სამართლიანად აღსრულებაში დაბრკოლებად არ უნდა იქცეს.

„როგორც მედიის საშუალებით გახდა ცნობილი, ბრალდებული არის „ქართული ოცნების“ ერთ- ერთი წარმომადგენელი, მათ შორის, საარჩევნო პროცესში ჩართული პირი უბნის დონეზე.

პარტია არის იმდენად დიდი და რთული სტრუქტურა, რომ ასეთი ფაქტებისგან შეიძლება არც ერთი პარტია არ იყოს დაზღვეული, თუმცა, ხაზგასმით აღვნიშნავ, მისმა პარტიულმა კუთვნილებამ მართლმსაჯულების სრული სამართლიანობით და სიმკაცრით განხორციელება ერთი წამით არ უნდა დააბრკოლოს,“ – აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

„ლელოს“ წევრი მიიჩნევს, რომ თუ ეს ასე არ მოხდა, ეს იქნება ძალიან მძიმე ახალი ტვირთი, რომელიც მმართველი პარტიის თავზე დაეკიდება.

„ამავე დროს, შემაშფოთებელია ინფორმაცია, რომ თითქოს ეს პირი ერთხელ უკვე იყო შემჩნეული ძალადობაში და მაშინ მის მიმართ მართლმსაჯულება არ განხორციელდა. ეს ცალკე გამოძიებას და რეაგირებას საჭიროებს.

შეიძლება ყოველთვის პარტიამ ვერ გააკონტროლოს მისი წევრების მოქმედება და პრევენცია ვერ მოახდინოს, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია სწორად იქნას დანახული, სწორედ მისმა პარტიულმა სტატუსმა ხომ არ შეუქმნა ამ ადამიანს განცდა, რომ მსგავსი დანაშაულის დაუსჯელად ჩადენა შეეძლო, რადგან სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც დიდი ხანია მხილებულია კრიმინალთან თანამშრომლობაში და ურთიერთხელსაყრელ გარიგებებში, მათ შორის, საარჩევნო პროცესისთვის,“ – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ავსტრალიის მოქალაქის, შანაე ბრუკის მკვლელობის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე, რაფაელ მურსაკულოვი დააკავა.

ადვოკატის განცხადებით, შანაე ბრუკის მკვლელობისთვის დაკავებული რაფაელ მურსაკულოვი ბრალს არ აღიარებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები