ჟურნალისტი ანა კალანდაძე, რომელიც გარკვეული პერიოდის წინ მძიმე დაავადებას ებრძოდა, თავადაც აიცრა და სხვებსაც ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს.
გთავაზობთ მის სტატუსს ამ თემაზე:
„2 წლის წინ, ამ დროს, სანამ ჩემი ჰიპოკალემიისა და გულის გაჩერების მიზეზი გაირკვეოდა, ხან რომელ კლინიკაში შემავსებდნენ კალიუმით და ჟანგბადით და ხან რომელში დამტენიდნენ… ჰოდა, ერთხელაც მორიგ ჯერზე, ღამით, ერთ-ერთ კლინიკაში რომ შემიტანეს, ინტენსიურში მიმაერთეს აპარატს და ორგანიზმის კალიუმით შევსება დაიწყეს, რამდენიმე ექიმთან გასაუბრების შემდეგ, საწოლთან მოვიდა ქალბატონი, ექიმი, რომელმაც ანამნეზი გამომკითხა და ბოლოს მითხრა: „იქნებ, აღარაფერი აღარ მოიმოქმედო, შეეშვა მიზეზების კვლევას და მხოლოდ ღმერთს მიენდოო“. ძალიან ცუდად ვიყავი, სუნთქვა მიჭირდა, მციოდა, მაკანკალებდა, მაფართხალებდა და ვენებს კალიუმი მიწვავდა, მაგრამ ამ ფრაზამ საერთოდ გამანადგურა. გავტყდი… ავტირდი… ეს რას ნიშნავს?! როცა ცუდად ხარ ადამიანი, გულზე ხელი უნდა დაიკრიფო და არ იმოქმედო?! არც ექიმს მიმართო და არც მედიკამენტი დაიხმარო?! დიდი ალბათობით, ის ექიმი ანტივაქსერია და ალბათ ახლა თავის პაციენტებს ეუბნება: „ვაქცინა არ გჭირდება, ღმერთს მიენდეო…“ მგონია, ღმერთს რომ კაცობრიობის განადგურება სურდეს, ისევე მოკლე ხანში მოიყვანდა ჩანაფიქრს სისრულეში, რა დროშიც სამყარო შექმნა.
ასე რომ… #აიცერი“