ცოტნე გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაური სოციალურ ქსელში სტატუსს და ფოტოებს აქვეყნებს.
როგორც ანა ჯაბაური წერს, 5 აგვისტოს ცოტნე იუბილარი იყო.
ჯაბაური ასევე აღნიშნავს, დაბადების დღეს წეროვანში ულამაზეს გარემოში შეხვდნენ.
„5 აგვისტოს ცოტნეს დაბადების დღე იყო, რომლის პოსტით აღნიშვნაც, რაჭის ტრაგედიით დაზაფრულმა, ვერ შევძელი.
უკვე მესამე დაბადების დღეს შევხვდით წეროვანში, ცოტა სევდიანად, თუმცა ნახეთ რა სილამაზეში! აქაურობა ნამდვილ წალკოტს ჰგავს: ვეებერთელა, უნაკლოდ მოვლილი ნაძვნარითა და სხვა მრავაწლოვანი ხეებით დაბურული ტყე-პარკი, უხვი ხეხილი და ულამაზესი ყვავილების მრავალფეროვნება.
ქალაქის ხვატისგან მოშორებულებს, იდილიურ სიმშვიდესა და სიმყუდროვეში, მდელოს, ტყისა და ნაძვნარის სურნელით შეზავებული მთის გრილი ნიავი და შაშვის გალობა გვაღვიძებს ყოველ დილით. ჩვენი კეთილგანწყობით ,,გათავხედებული“ ციყვები ლამის საძინებლებში შემოგვიხტნენ საწოლი ოთახის ფანჯრებამდე გამოწვდილი ნაძვის ხის ტოტებიდან…
დამსახურებულად ჰქონდა ამ ადგილს, მრავალი ათწლეული წლის განმავლობაში, მინიჭებული პირველ პირთა კურორტის სტატუსი; ვასილ მჟავანაძიდან დაწყებული, ვიდრე მიხეილ სააკაშვილამდე… სწორედ მიხეილ სააკაშვილის საძინებელში სძინავს დღეს ცოტნეს. განა რამე?! ცხოვრების მზაკვრობაზე გამახსენდა – 15 წლის წინ, მიშა რომ აქ ცხოვრობდა, ცოტნე იჯდა მაშინ ციხეში…
ყოველ დილით, სამი ცეცხლივით გოგო შემოგვირბენს და საკმაოდ დიდი საცხოვრებელი ფართის თითოეულ კუთხე-კუნჭულს დაგვისუფთავებს და დაგვიწკრიალებს. გემრიელი და ხარისხიანი კერძებით ადგილობრივი შეფ-მზარეული გვმასპინძლობს ყოველდღიურად. ყოფითი და ტექნიკური საკითხების მეყსეულად გადაჭრას ლოჯისტიკის დეპარტამენტი უზრუნველჰყოფს.
ხოლო ცენტრის ფიზიოთერაპევტები ცოტნეს ყოველ დილას ავარჯიშებენ და, ეს ყველაფერი, სრულიად უფასოდ (დაზუსტებისთვის აღვნიშნავ, რომ მოწვეული სპეციალისტების ჰონორარებს საკუთარი სახსრებით ვისტუმრებთ_ ოკუპაციურ და მეტყველების თერაპევტებს, ლოგოპედს, აფაზიოლოგ- ნეიროფსიქოლოგს, კინეზოთეპევტს, მანუალურ თერაპევტს, მასაჟისტს და სხვ. აგრეთვე, რეაბილიტაციის ხანგრძლივი კურსის ჩასატარებლად, სისტემატურად ჩამოგვყავს სპეციალისტები თურქეთიდან, გერმანიიდან და სასომხეთიდან).
საკუთარ სახლში დაბრუნების შესაძლებლობამდე, ცოტნე უზრუნველყოფილია ყველა იმ პირობით, რომლის გარეშეც, უმძიმესი ტრავმების გათვალისწინებით, მისი სრულყოფილი რეაბილიტაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა. საკუთარი სახლიდან დევნილ ცოტნესთან ერთად, საუკეთესო პირობებში აღმოვჩნით, რაც კი შეიძლებოდა ადამიანს ენატრა.
ალბათ, ამ ყველაფრის გარეშე, ვერც იმ სასიკეთო ცვლილებებს მივაღწევდით, ბოლოდროინდელ ენცეფალოგრამაზე რომ გამოუვლინდა ცოტნეს და ძალიან, ძალიან რომ გაგვახარა…
და მაინც… გალის ქუჩის ხსენებაზე ბავშვივით ქვითინებს ? სტუმრებიდანაც, ყველაზე მეტად მეზობლების ნახვა უჩუყებს გულს.
სხედან და ცოტნესთან ერთად ტირიან
ისინიც… ლია ლია , Kakha Talakhadze , Manana Menteshashvili , Paata Kuparadze , ვასილ ასლამაზაშვილი , tamaz kuparadze…
მესამე წელია ცოტნე სახლში დაბრუნებას ელის, საკუთარი მამის მიერ დანატოვარ სახლში. კიდევ ერთი მზაკვრობა ცხოვრებისა – რას იფიქრებდა მრავალმხრივ განწირული ზვიად გამსახურდია, რომ არც მის ერთადერთ ანდერძს ეწერა აღსრულება… ან… იქნებ იფიქრა კიდეც?!… და ეს ანდერძიც სწორედ იმიტომ დაწერა ჯერ კიდევ 1988 წელს, უჩუმრად და მალულად…
…ამიტომ ვთქვი სევდანარევი მეთქი…
პ.ს. დღეობის გალამაზებას, ცოტნეს ძმის, ბიძაშვილების, ბიცოლისა და ახლობლების გარდა, ცოტნეს მამის უახლოესი თანამებრძოლებიც შეეცადნენ იმ დღეებში, რომელთა შორის იყვნენ: გივი თაქთაქიშვილი, გურამ აბსანძე, გურამ ისაკაძე, ნოდარ მაისურაძე და ბადრი მიქელაძე.
გივი თაქთაქიშვილისა და გურამ აბსანძის ნახვამ განსაკუთრებით აუჩუყა ცოტნეს გული. ბატონი გივის ხელი მთელი საღამო არ გაუშვია ხელიდან…,“-წერს ანა ჯაბაური.