LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა დოლიძე: ვცდილობთ, დაზარალებული გოგონების ჩვენებები მოვიპოვოთ

96

ეს საქმე განსაკუთრებულად რთულია, ვინაიდან საქმის მასალების შეგროვებაში რამდენიმე სახელმწიფო უწყება და საერთაშორისო ორგანიზაციაა ჩართული, ეს განცხადება თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა დოლიძემ, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში გააკეთა. საქმე ეხება გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის განცხადებას, რომლის მიხედვითაც 3 აფრიკელი გოგონა ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს გაუპატიურებაში ადანაშაულებს.

”ჩვენ ვიზიარებთ ევროკავშირის ელჩის პოზიციას და ძალიან მკაცრი და პსუხისმგებლიანი მიდგომა გვექნება ასეთი საკითხების მიმართ. საქმე საკმაოდ რთულია, ვინაიდან აქ, ერთი მხრივ, ჩართულია თავდაცვის სამინისტრო, ევროკავშირი, გაერო და  აფრიკის სახელმწიფო. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ, სხვადასხვა საშუალებებით მოვიპოვოთ ჩვენებები და დავუკავშირდეთ დაზარალებულებს, რომლებმაც გაეროს მისიას ჩვენებები მისცეს” – განაცხადა ანა დოლიძემ.

თავდაცვის მინისტრის მოადგილეს იმედი აქვს, რომ გაერო გამოძიებას ხელს შეიწყობს. როგორც ანა დოლიძე ამბობს, ამ დროისათვის, თავდაცვის სამინისტრო ჩვენებების მოპოვებას ცდილობს, თუმცა, იმის გამო, რომ საქმე ეხება არასრულწლოვან გოგონებს, კონფიდენციალურობის გათვალისწინებით, ჩვენებების მიღება ძალიან რთულია.

”მოგვიწევს გაეროს დავუსაბუთოთ, რამდენად კარგად და უსაფრთხოდ იქნება დაზარალებულების ჩვენებები დაცული. არ ვიცით, გაგვიზიარებენ თუ არა ამ ჩვენებებს, ეს მათს პოლიტიკაზეა დამოკიდებული. გაეროს ანგარიშის ძირითადი წყარო არის ლტოლვილთა ბანაკში შეგროვებული” – განაცხადა ანა დოლიძემ.

თავდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს უკვე ატარებს სამხედრო პოლიცია და იკვლევს მტკიცებულებებს. ანა დოლიძის თქმით, რთული არ არის საქმის დავიწროვება და გამოვლენა, თუ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ამ საკითხთან ახლოს, მაგრამ ამის გამოკვლევას გარკვეული დრო დასჭირდება.

”როგორც მოგეხსენებათ, საუბარია რამდენიმე სამხედრო მოსამსახურის წინააღმდეგ არსებულ ბრალდებებზე და არ უნდა მოხდეს ამის განზოგადება მთელს ბატალიონზე, ვინაიდან ჯარში ძალიან ბევრი წესიერი ადამიანი მსახურობს და ეს ძალიან მგრძნობარე საკითხია ჯარისკაცებისთვის. ბევრი კარგი ადამიანია, რომელიც საკუთარ თავსა და ოჯახს წირავს ამ ტიპის სამსახურს” – განაცხადა ანა დოლიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები