ევროსაბჭოს მინისტერიალი საქართველოში და მთავარი კითხვა – დაარღვევს თუ არა სახელწმიფო თავისივე კანონს “ოკუპაციის შესახებ” და შემოუშვებს თუ არა ქვეყანაში რუს დეპუტატებს. ამ ტემაზე ჯერ კიდევ სალომე ზურაბიშვილმა გაეროში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ქვეყანამ კანონს გვერდი უნდა აუაროს, რადგან საქართველო სტუმართმოყვარე ქვეყანაა.
ამას მოჰყვა პარლამენტის თავმჯდომარის დაახლოებით იმავე შინაარსის განცხადება. დღეს კი საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ მინისტერიალი ისე ჩაივლის, როგორც ეს სახელმწიფოებრივ ინტერესებს შეესაბამება. საინტერესოა ის დეტალიც – რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ თქვა, რომ იმ მომენტამდე, ვიდრე შიდაპოლიტიკური, საქართველოს შიდა ვითარება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ვინ ჩავა იქ რუსეთიდან და ვინ არა, იქნება პრობლემები. “ეს უნდა გადაიტანო და გააცნობიერო. ვინ ჩამოვა შენთან, ამის გამო არ უნდა მიდიოდეს ხელისუფლება, იცვლებოდნენ მინისტრები და ასე შემდეგ“ – ამბობს ზახარაოვა.
ლავროვის შესაძლო ვიზიტი - თალაკვაძე ოკუპანტი ქვეყნის პირველ დიპლომატს პრინციპული განცხადებებით დახვდება
"ლავროვს დახვდება პროტესტი იმის გამო, რომ ჩვენი ტერიტორიები არის ოკუპირებული და დახვდება ძალიან პრინციპული პოლიტიკური განცხადებები ჩვენი სახელისუფლებო გუნდის მხრიდან."
რა პოზიცია უნდა ჰქონდეს საქართველოს ხელისუფლებას და რაზე მიუთითებს მმართველი გუნდის განცხადებები, ამ თემაზე რადიო “ფორტუნას” “დღის თემაში” საერთაშორისო ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ განაცხადა, რომ საქართველოს გარკვეული ვალდებულებები აქვს ევროსაბჭოს წინაშე.
“ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მიმართ გვაქვს ვალდებულებები, მაგრამ არსებობს ქვეყნის უზენაესი კანონი, კონსტიტუცია, არსებობს სხვა კანონები, მათ შორის ოკუპაციის შესახებ კანონი, ამიტომ საქართველომ მაქსიმალურად ეროვნული ინტერესრბი უნდა დაიცვას. მე თუ მკითხავთ, ქართულ მხარეს იქით აქვს კითვები ევროპის საბჭოს წინაშე, მაგ. ხმის მიცემის უფლება რატომ აღუდგინა ასამბლეამ რუსეთს უკვე მეორედ. ჩვენ თუ ვინმეს არ შემოვუშვებთ ქვეყანაში, ამის გამო არანაირ შენიშვნას არ დავიმსახურებთ. საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და მისი გადასაწყვეტია, ვინ შემოუშვას და ვინ არა.
მათი განცხადებებიდან ჩანს, რომ ამზადებენ ნიადაგს, შემოუშვან რუსი დელეგატები. საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი. საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე მუდმივად იზრდება. ეს უკვე პოლიტიკური დამოკიდებულების ზრდას განაპირობებს. 2013 წელს შედგა მოლაპარაკება და რუსეთმა გახსნა ბაზარი, ეს კეთილი ჟესტი კი არ იყო, ეს იყო მიზანმიმართულად, რომ გაზრდილიყო რუსეთზე დამოკიდებულება და შემდეგ როცა დასჭირდება პუტინს, შანტაჟისთვის გამოიყენებს”, – აცხადებს ჩიტაძე.