ამსტერდამი ადგილობრივებისთვის ძალიან მომაბეზრებელ გადატვირთულ ტურიზმთან ბრძოლას აგრძელებს და ამჯერად ამისთვის ონლაინ-ტესტი შემოიღო. მერიის ჩანაფიქრით, ტესტი ხმაურიანი წვეულებების, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოყვარულ ვიზიტორებს „დააფრთხობს“.
ტესტს სახელად „ამსტერდამის წესები“ ჰქვია და კითხვებს შორისაა: „გსურთ გაისეირნოთ ქალაქში ხელში მოსაწევით?“, „გსურთ კოკაინის ყიდვა?“, „აპირებთ თუ არა ექსკურსიაზე წასვლას წითელი ფარნების ქუჩაზე სექს-მუშაკებთან?“ და ა.შ.
დადებითი პასუხის შემთხვევაში პოტენციური ტურისტი ასეთ პასუხს იღებს „ ამიერიდან ეს აკრძალულია“ ან „ვწუხვართ, მაგრამ ასეთი შესაძლებლობა აღარ არსებობს.“
ბოლო წლების განმავლობაში ამსტერდამი ტურისტებს ყველა გზითა და საშუალებით ებრძვის. საუბარი განსაკუთრებით ისეთ ვიზიტორებზეა, ვინც ქალაქში არა ისტორიული ღირსშესანიშნაობების სანახავად, არამედ დასალევად და ნარკოტიკების მისაღებად მიდის. ასეთი ვიზიტორები ღამ-ღამობით ძალიან ხმაურობენ, აბინძურებენ ქალაქს და ძალიან ცუდად იქცევიან.