LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვა და საფინანსო სისტემის ჩამოშლის საფრთხე – როგორ აფასებენ სესხების განულებას

სესხები

შავ სიაში მყოფ 600 000 მოქალაქეს მილიარდნახევრიანი დავალიანება უნულდება. მათ ვალდებულებას საქველმოქმედო ფონდი “ქართუ” გადაიხდის. განცხადება ამის შესახებ პრემიერმინისტრმა არჩევნების მეორე ტურამდე 9 დღით ადრე გააკეთა.

„ფორტუნა“ დაინტერესდა, ხომ არ შეიძლება მსგავსი ინიციატივა შეიცავდეს ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს და ხომ არ წაახალისებს მოქალაქეებს არ შეასრულონ ვალდებულებები.

ასოციაცია „ბანკები და ფინანსების“ პრეზიდენტი გიორგი კეპულაძე ამბობს, რომ ცვლილებას ეკონომიკური ეფექტი ნაკლებად ექნება, სამაგიეროდ, მან მნიშვნელოვნად შეიძლება დააზარალოს საფინანსო სისტემა ქვეყანაში. კეპულაძე ამბობს, რომ  ს ინიციატივა დემოტივატორი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვთ უკვე მცირე სესხი და ჯერ შავ სიაში არ არიან, ასევე მათთვის, ვინც მომავალში გეგმავს სესხის აღებას. მისივე თქმით, მიღებული გადაწყეტილებით არასწორი მოლოდინები იქმნება.

„ზედაპირულად რომ შევხედოთ, ის, რომ ჩემს ვალს ვიღაც იხდის, ყველას გაუხარდება, მაგრამ მე რომ ათას ლარიანი სესხი ავიღო იანვარში და არ გადავიხადო იმის იმედად, რომ შემდეგ არჩევნებში რომელიმე პოლიტიკური ძალა ამას მაპატიებს. ეს არის საფრთხე, რომელიც მოქმედებს სისტემაზე და ანგრევს მას. სისტემა აგებულია იმაზე, რომ სესხი უკან უნდა დააბრუნონ“, – აღნიშნავს კეპულაძე.

მთავრობის ეს ინიციატივა გააკრიტიკა ოპოზიციის ნაწილმა. “გირჩი” მიიჩნევს, რომ ამ რეგულაციებს არანაირი შედეგი არ აქვს და ქართულ პოლიტიკაში ტრიალებს დიდი მოცულობით “შავი”ფული . “გირჩში” ასევე აცხადებენ, რომ არსებული კანონმდებლობით ეს ნაბიჯი ამომრჩევლის მოსყიდვაა.

დაპირებას ვალების განულებასთან დაკავშირებით მორგი სიცრუედ აფასებენ „ევროპულ საქართველოშიც“.  გიგა ბოკერია ამბობს, რომ ვალდებიდან ხალხის ამოყვანა გადასახადების დაწევას და სამუშაო ადგილების გაჩენას შეუძლია.

“ეს არის მორიგი სიცრუე ივანიშვილის, რომ ის შეძლებს სიღარიბიდან და ჩვენი მოქალაქეების ცუდი ვალებიდან, უიმედო ვალებიდან ამოყვანას. ქვეყანას სჭირდება ეკონომიკის ამუშავება. გადასახადების დაწევა და სამუშაო ადგილების გაჩენა. მხოლოდ ეს არის ამ ვალებიდან და სიღარიბიდან ხალხის ამოყვანის გზა,“ -განაცხადა გიგა ბოკერიამ.

სესხების განულება ის საკითხი აღმოჩნდა, რომელზეც მთავრობასა და “ნაციონალურ მოძრაობას” მსგავსი მოსაზრება აქვთ. მთავრობის მიერ ინიციატივის გაჟღერებას წინ უძღოდა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ ლაივი და  გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის გამოსვლა, სადაც მოთხოვნებს შორის იყო სწორედ „შავი სიის“ გაუქმება და სესხების ჩამოწერა. დღეს კი გაერთინებული ოპოზიციის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ მთავრობის ინიციატივა დადებითად შეაფასა – „კარგია, რომ ცოტა ფიქრი დაიწყეს ხალხის პრობლემებზე“, – აღნიშნა ვაშაძემ. მისივე თქმით, გაერთიანებულ ოპოზიციას მსგავსი ინიციატივა დიდი ხანია აქვს. ვაშაძე ამბობს, რომ მთავრობა ამაზე პირველ ტურში მიღებული შედეგების გამო წავიდა.

ამის მიუხედავად, “ნაციონალურ მოძრაობაში” მიაჩნიათ, რომ მილიარდ ნახევარს „ქართუ“ არ გადაიხდის და აღნიშნული ინიციატივა მხოლოდ არჩევნების მეორე ტურზეა გათვლილი.

“ეს არის მორიგი სატყუარა, რომელიც მცირე ოდენობის, ფაქტობრივად, ისეთ სესხებზეა საუბარი, რომელიც არასდროს იქნებოდა ბანკებისთვის დაბრუნებული და ისინი ისედაც აკეთებდნენ რესტრუქტურიზაციას. რომ არ ყოფილიყო მეორე ტური, იქნებოდა ასეთი ინიციატივა? რომ არ ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი მიმართვა, იქნებოდა მთავრობის მიერ ეს ინიციატივა?”– აღნიშნავს რომან გოცირიძე.

ხელისუფლების ქმედებებთან ერთად, ოპოზიციის ეს განცხადებები კრიტიკას იწვევს საექსპერტო წრეებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში. არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე „ფორტუნასთან“ აღნიშნავს, რომ არასწორი მოლოდინების შექმნაში პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას.

„საზოგადოების დიდი ნაწილი იმედგაცრუებულია, ეს არიან ადამიანები, ვისაც ძალიან უჭირს, მაგრამ ცდილობენ პატიოსნად გადაიხადონ ვალი, შეიძლება ამისთვის ლუკმაპურს იკლებენ და ამ ადამიანებს ეუფლებათ განცდა, რომ უმჯობესი იყო ყოფილიყვნენ შავ სიაში. ასე რომ, ეს ინიციატივა მცდარ მოლოდინებს და არასწორ სურვილებს ახალისებს. აქ პასუხისმგებლობა ეკისრება ერთი მხრივ ხელისუფლებას, მეორე მხრივ ოპოზიციას, რადგან მათაც შექმნეს განცხადებებით მოლოდინი, რომ სახელმწიფომ უნდა აიღოს მოქალაქეთა ვალების გასტუმრების პასუხისმგებლობა,“ – აღნიშნავს მიხეილ ბენიძე.

ამავე აზრს იზიარებს “ბანკები და ფინანსების” პრეზიდენტი გიორგი კეპულაძეც.

„ამან არ უნდა ჩამოშალოს სისტემა, რომ ვიღაც მოვა ხელისუფლებაში და ყველაფერს გვაპატიებს და ასეთი განცხადებები გვესმის ორივე პოლიტიკური ძალის მხრიდან. ერთი რეალურად აკეთებს ამას, მეორე გვპირდება, ამან შეიძლება შექმნას ძალიან დიდი პრობლემა,“ – აღნიშნავს კეპულაძე.

„სამართლიან არჩევნებში“ სესხების განულების ინიციატივაში ფონდი „ქართუს“ ჩართულობის გამო ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებსაც ხედავენ.

„იმის გათვალისწინებით, რომ “ქართუ” აპირებს ფინანსური ვალდებულების საკუთარ თავზე აღებას და გასტუმრებას, ეს ცალსახად წარმოადგენს და შეიცავს ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს, რაც საარჩევნო პერიოდში სერიოზული დარღვევაა,“– აღნიშნავს მიხეილ ბენიძე.

ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტს გამორიცხავენ მთავრობის ადმინისტრაციაში. როგორც ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა აღნიშნა, მამუკა ბახტაძე ამაზე ჯერ კიდევ აგვისტოში საუბრობდა. თუმცა, მიხეილ ბენიძე განმარტავს, რომ მნიშვნელობა არ აქვს, როდის დაანონსდა ინიციატივა, საარჩევნო პერიოდამდე თუ საარჩევნო პერიოდში.

„მანამდეც და საარჩევნო პერიოდშიც, ეს არის  მოსყიდვა, ამდენად ეს არის პრობლემა,“ – აღნიშნავს ბენიძე.

მიხეილ ბენიძე ამბობს, რომ საკითხის შესახებ იმსჯელებენ და განიხილავენ, რა სამართლებრივი მექანიზმები არსებობს, ამის მერე ბენიძე არც საჩივრის მომზადებას გამორიცხავს. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში” კი აცხადებენ, რომ საკითხით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს.

“ჩვენი კანონმდებლობით, ასეთი დაპირების გაცემა, რომელიც უკავშირდება, რაღაც სიკეთის გადაცემას ამომრჩევლისთვის, შეიძლება იყოს ამომრჩევლის მოსყიდვა და ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია, შესაბამისი ორგანოები დაინტერესდნენ ამ ინიციატივით.

ვინაიდან, საუბარია 100 ლარზე მეტ თანხაზე, აღნიშნული ინიციატივა პროკურატურის გამოსაძიებელია. ეს დანაშაული ჯარიმას ამ სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს,” – განაცხადა ლევან ნატროშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები