გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახის წევრებმა რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციაზე შეკრებილი ფეხბურთელის ოჯახის წევრები და ნათესავები იმ ექიმების გათავისუფლებას მოითხოვენ, რომლებიც 20 წლის სპორტსმენის გარდაცვალების საქმეში ფიგურირებენ.
გარდაცვლილი ფეხბურთელის მამის, გაიოზ ჩარკვიანის განცხადებით, საქმეში იკვეთება სახელმწიფო ქონების დატაცების მცდელობაც.
„პროკურატურას ვთხოვ, უმოკლეს ვადებში, პირველი ამოიღონ ის დოკუმენტაცია, რითაც დგინდება, რა დაჯდა ჩემი შვილის მკვლელობა. ვინაიდან, საქმე გვაქვს სახელმწიფო ქონების დატაცების მცდელობასთან. მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მათ აქვთ უფლება, კონტროლი ახორციელონ იმ ნარკოტიკულ საშუალებებზე, რომელი ნარკოტიკული საშუალებებიც იხარჯება არა მარტო ამ კლინიკაში, არამედ სხვა კლინიკებშიც“, – განაცხადა გარდაცვლილი ფეხბურთელის მამამ.
ადვოკატის, ზაალ დავითაიას განცხადებით, უკვე 2 თვეა, რაც ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ. გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახის უფლებადამცველის განცხადებითვე, საქმის მასალებით ექიმების ბრალეულობა უკვე დადასტურებულია, ამიტომ სამედიცინო დაწესებულებამ გამოძიების დამთავრებამდე მაინც უნდა დაითხოვონ ისინი.
შეგახსენებთ, 20 წლის ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანი რესპუბლიკურ საავადმყოფოში 10 სექტემბერს გარდაიცვალა. მას კლინიკაში შეყვანისას კორონავირუსი ჰქონდა, თუმცა, მისი ოჯახის წევრების თქმით, გარდაცვალებამდე ჩარკვიანს კოვიდი დამარცხებული ჰქონდა.
ამავე თემაზე: