სამთო– სათხილამურო კურორტებზე სასტუმროების მუშაობა შეჩერებულია, თუმცა კოტეჯები და მცირე ზომის „გესთჰაუსები“ მაინც ქირავდება. ამ საკითხს ეკონომიკის მინისტრი ეხმაურება და ამბობს, რომ მოსახლეობას ძალიან პასუხისმგებლიანად მოეკიდოს ამ პერიოდს.
ნათია თურნავას განმარტებით, სამთო სათხილამურო კურორტებზე გაჩერებულია არამხოლოდ დიდი სასტუმროების, არამედ ნებისმიერი სასტუმროს საქმიანობა.
„გარდა ამისა, ჩვენ შევაჩერეთ საბაგიროების მუშაობა, რაც ასევე მნიშვნელოვანია – ის დამსვენებლები, ვინც სათხილამუროდ ადიოდა ამ კურორტებზე, ამ პერიოდში არ ავა. რაც შეეხება კერძო სახლებს და ბინების გაქირავებას, სახლში თუ ვინმე ავა ამის კონტროლი შეუძლებელია, მაგრამ კვლავ მოვუწოდებთ მოსახლეობას ძალიან პასუხისმგებლიანად მოეკიდოს ამ პერიოდს, ეს არ არის ჩვეულებრივი ახალი წელი. ეს არის ძალიან მძიმე დაავადება, საზოგადოება ამას გაგებით უნდა მოეკიდოს და ამ ახალ წელს ნაკლები ზეიმი, ნაკლები ქეიფი და მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოვიჩინოთ, კერძო სახლებში ჩვენ ვერ შევალთ, ეს არის უკვე თვითშეგნების ამბავი“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.