LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ამერიკის მიმართულებით ფრენების დაწყებას ივნისში ვგეგმავთ” – გიორგი კოდუა

210
ფრენა

„ამერიკის მიმართულებით ფრენების დაწყებას ივნისში ვგეგმავთ“, – ამის შესახებ „ეარ ჯორჯიას“ დირექტორი გიორგი კოდუა აცხადებს. როგორც კოდუა BMG-სთან ინტერვიუში ამბობს, შესაძლოა, კომპანიამ ევროპული დროშის ქვეშ იფრინოს.

„ეარ ჯორჯია“ უკვე წელიწადზე მეტია თბილისი-ნიუ-იორკის მიმართულებით ფრენების დასაწყებად ნებართვას ელის. მისი თქმით, დასტური სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უნდა გასცეს, რომელმაც ამერიკული სტანდარტები უნდა დანერგოს.

”საქართველოს ხელისუფლებას მივმართეთ, რომ მზად ვართ ფრენები დავიწყოთ. დარჩენილია პროცედურა, რომ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ამერიკული სტანდარტები დანერგოს. ამას თავად აშშ ითხოვს. ჩვენ ახლა ევროპული რეგულაციებით ვოპერირებთ“, – აცხადებს „ეარ ჯორჯიას“ დირექტორი, გიორგი კოდუა.

კომპანიის დირექტორი აღნიშნავს, რომ კომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებს პორტუგალიურ კომპანიასთან, რათა რეისები ევროპული კომპანიის ქვეშ დაიწყოს. შესაბამისად, კომპანიაში ელიან, რომ თბილისი-ნიუ-იორკის პირველი რეისი ივნისში განხორციელდება.

“თუ ევროპის დროშის ქვეშ დავიწყებთ ოპერირებას, პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას არ დაეკისრება. ეს უფრო ძვირი გამოდის, ამიტომ ევროპულ კომპანიასთან ფასებზე მოლაპარაკებები მიდის. ქართული დროშის ქვეშ ფრენების შემთხვევაში, ბილეთების ფასი 950 დოლარიდან 1000 დოლარამდე იქნება, ევროპული დროშის ქვეშ კი 1200 დოლარიდან 1300 დოლარამდე. უნდა გავიგოთ, შეუძლია თუ არა საზოგადოებას ამ თანხის გადახდა”, – აცხადებს გიორგი კოდუა.

BMG-ს კითხვაზე, როგორ განხორციელდება ფრენები, გიორგი კოდუა აცხადებს: „ორი ვარიანტი გვაქვს: თბილისი-ნიუ-იორკი ან თბილისი-ბრიუსელი-ნიუ-იორკი“.

 

წყარო: BM.GE