ვირჯინიას შტატში მცხოვრებმა მძღოლმა სრულიად შემთხვევით, 17 წლის წინ მოპარული ავტომობილი იპოვა. ტომი კუკს ნარინჯისფერი Chevrolet Camaro 2003 წელს, ავტოსერვისიდან მოპარეს. მამაკაცმა მაშინვე პოლიციას მიმართა და თან ძებნის სტატუსს წლების განმავლობაში მუდმივად ანახლებდა. „ვიცოდი, რომ ერთ დღესაც ჩემს ავტომობილს აუცილებლად დავიბრუნებდი.“ – აღნიშნა ამერიკელმა.
2020 წელს კუკს მეგობარმა დახმარება სთხოვა, მას 1968 წლის Chevrolet Camaro–ს შეძენა სურდა. როდესაც მეგობრები ავტო–სალონში მივიდნენ, ტომის ყურადღება ფარეხში მდგომმა 1969 წლის Chevrolet–მა მიიქცია. ავტომობილი მწვანე ფერის იყო, თუმცა გამყიდველმა დააზუსტა, რომ მანამდე ის ნარინჯისფერ საღებავს ატარებდა.
კუკმა სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი შეამოწმა და მაშინვე რაღაც ეჭვები გაუჩნდა. შემდეგ მან კაპოტის ქვეშ განთავსებული უნიკალური კოდიც ნახა და აღმოაჩინა რომ ციფრები მისი დაკარგული ავტომობილის კოდს ემთხვეოდა. ამერიკელი მაშინვე პოლიციას დაუკავშირდა და თავისი მანქანა უკან დაიბრუნა.
ავტომფლობელის განცხადებით, მოპარვის შემდეგ მანქანა არაერთხელ განაახლეს და ბევრად გააუმჯობესეს. მან აღმოაჩინა, რომ ძრავიც უფრო მძლავრია. 17 წლის განმავლობაში Chevrolet Camaro–მ 4 მფლობელი გამოიცვალა და მის გაძლიერებაში ოთხივემ დიდი ფული დახარჯა.