LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელები ქართული ასკილის წვენს იყიდიან: სად გაიყიდება ბიოწვენი

320

ნატურალური წვენების მწარმოებელი კომპანია BPC საკუთარი პროდუქციის გატანას აშშ-ის ბაზარზე გეგმავს. პროდუქციის ექსპორტი მიმდინარე წლის თებერვალში იგეგმება. საწყის ეტაპზე აშშ-ში ასკილის ბიოწვენი ერთი კონტეინერით გაიგზავნება, შემდეგ კი საექსპორტო ბოთლების რაოდენობა გაიზრდება.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიის დირექტორმა, ნინო აბაშიძემ განუცხადა, BPC-იმ ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებები და ამ ბაზრის შესწავლა დიდი ხნის წინ დაიწყო. ”თუ დამატებითი ხელისშემშლელი ფაქტორები არ გამოჩნდა, ამ ბაზარზე ექსპორტზე გასვლას უკვე თებერვალი-მარტის პერიოდში შევძლებთ და ეს არ იქნება ერთჯერადი ხასიათის გასვლა. ვაპირებთ, ხანგრძლივ თანამშრომლობას”, – განამარტა აბაშიძემ. მისივე ინფორმაციით, BPC-ის ასკილის ბიოწვენი სუპერმარკეტებსა და რამდენიმე რესტორანში გაიყიდება.

რაც შეეხება, პროდუქციის სახელწოდებას, კომპანიამ შექმნა ახალი ბრენდი ”ნადი” და სწორედ ამ სახელით შევა ასკილის წვენი ამერიკის ბაზარზე.

”აშშ ჩვენი კომპანიისთვის პირველი საექსპორტო ქვეყანა არ არის. წლების წინ, როცა კომპანია ახალი დაარსებული იყო, იაპონიაში გვქონდა რამდენიმე გასვლა, თუმცა მაშინ წვენს ჯერ კიდევ პლასტმასის ბოთლებში ვასხამდით. დღეს ჰონგკონგში გვყავს პარტნიორი, სხვათაშორის, ისიც ქართველია და მართალია, სისტემატიურად არა, მაგრამ პერიოდულად მასაც გააქვს ჩვენი პროდუქცია საზღვარგარეთ. უახლოეს პერიოდში კი ჩვენს პროდუქციას ამერიკელი მომხმარებელიც დააგემოვნებს”, – განმარტა კომპანიის დირექტორმა.

ცნობისთვის, შპს BPC 2010 წელს დაარსდა. საწარმო თბილისში მდებარეობს და მასში 10 ადამიანია დასაქმებული. BPC-ის ასკილის წვენი არის პირველი ქართული წვენი, რომელმაც 2015 წელს ბიო-ს სერთიფიკატი მოიპოვა. 2016 წელს კი კომპანიამ “თიბისი ბანკისა“ და კომპანია „ჯეოსელის“ ერთობლივი პროექტის ”ბიზნესდაჯილდოება 2016” -ის ფარგლებში ”წლის აგრობიზნესის” ნომინაციაში გაიმარჯვა.

ამ ეტაპზე BPC ასკილის გარდა, ალუბლის წვენსაც აწარმოებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები